ახალი ამბები

ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

7 აპრილი, 2021 •
ზალკალიანი უკრაინელ კოლეგას ესაუბრა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ უკრაინელ კოლეგას, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ზალკალიანმა ტვიტერზე დაწერა.

ზალკალიანის თქმით, აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა.

“გავცვალეთ ინფორმაცია რუსული ოკუპაციის ფონზე საქართველოსა და უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ და ყურადღება გავამახვილეთ დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობის მნიშვნელობაზე”, — წერს ზალკალიანი.

ზალკალიანის სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის მხრიდან საქართველოს მთავრობის კრიტიკა უკრაინის მიმართ არასათანადო მხარდაჭერის გამო.

“როცა 2008 წელს რუსეთი საქართველოში შეიჭრა, მე არა მარტო ხმამაღლა გამოვხატე პოზიცია, არამედ ჩავედი ცხელი ომის შუაგულში. ძალიან გაკვირვებული ვარ. როგორ ელოდებით რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიების ოკუპაციის დაგმობას მსოფლიო საზოგადოებისგან”.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას მიიღებს. ამის შესახებ “ნეტგაზეთს” განუცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. სამხარაძე არ იზიარებს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტის, ტომას ჰენდრიკ ილვესის კრიტიკას იმის შესახებ, რომ საქართველო მხარს არ უჭერს უკრაინას რუსეთის აგრესიის ფონზე.


უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 26 მარტს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კიდევ ერთხელ დაარღვიეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და იერიში მიიტანეს უკრაინულ ძალებზე იმგვარი მსხვილკალიბრიანი იარაღით, რასაც 4 უკრაინელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, კიდევ ორი კი მძიმედ დაიჭრა.

კიევის განცხადებით, შეტევა დონეცკის ჩრდილოეთით, დასახლება შუმთან მოხდა.

უკრაინა რუსული აგრესიის წინააღმდეგ მარტო არ დარჩება — ზელენსკი | რა ხდება დონბასში

მასალების გადაბეჭდვის წესი