ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

2008 წლის აქციების ეპიზოდზე ქოჩარიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა

7 აპრილი, 2021 •
2008 წლის აქციების ეპიზოდზე ქოჩარიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა შეწყდა

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა.

ქოჩარიანთან ერთად ბრალდებები კონსტიტუციური წესრიგის დამხობის საქმესთან დაკავშირებით აგრეთვე მოეხსნათ ყოფილ თავდაცვის მინისტრს  სეირან ოჰანიანს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ყოფილ გენერალ- მდივანს, იური ხაჩატუროვსა და ყოფილ პრემიერ -ინისტრს, არმენ გევოგიანს.

სომხური სასამართლო ოთხივე მათგანს 2008 წელს, არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დაწყებული გამოსვლებისას, 8 დემონსტრანტისა და 2 პოლიციელის გარდაცვალების ეპიზოდში ედავებოდა.

ის მუხლები, რომლებითაც ქოჩარიანისა და კიდევ სამი პირის წინააღმდეგ მიდიოდა გამოძიება, სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო. შესაბამისად, ქოჩარიანის ადვოკატებმა დევნის შეწყვეტით მიმართეს სასამართლოს, რაც მოსამართლის მიერ დაკმაყოფილდა.

რობერტ ქოჩარიანის წინააღმდეგ სამართლებრივი დევნა 2018 წელს დაიწყო, რის შემდეგაც, იგი ციხეში მოხვდა.

ციხიდან ქოჩარიანი რეკორდული, 4.1 მილიონი ამერიკული დოლარის გირაოს გადახდის შემდეგ 2020 წლის ზაფხულში გათავისუფლდა.


5 აპრილს, რუსეთის პირველი არხის ეთერში, ვლადიმირ პოზნერის გადაცემაში ქოჩარიანმა განაცხადა, რომ იგი დაგეგმილ არჩევნებში ჩართვას აქტიურად აპირებს და გეგმავს, რომ იყოს პოლიტიკური ბლოკის ლიდერი, რომელიც “სულ მცირე ორი პარტიისგან შედგება”.

სომხეთში რიგგარეშე არჩევნები 20 ივნისსაა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი