სომხეთის მეორე პრეზიდენტ რობერტ ქოჩარიანს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ ანტიკორუფციული კომიტეტის პრესმდივანმა მარინა ოჰანჯანიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ანტიკორუფციულმა სასამართლომ გამომძიებლის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა და ქოჩარიანისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

სასამართლო გუშინდელი დღიდან განიხილავდა ქოჩარიანის პატიმრობის შესახებ საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობას.

ოფიციალური ცნობითვე, ღამით რობერტ ქოჩარიანი ექიმების რეკომენდაციით საავადმყოფოში გადაიყვანეს, რის გამოც სასამართლო სხდომა მის გარეშე გაგრძელდა.

ქოჩარიანს ბრალი ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრებასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მიღებაში.

მანამდე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამართალდამცავ ორგანოებს რობერტ ქოჩარიანისა და ქვეყნის მესამე პრეზიდენტის, სერჟ სარგსიანის ქონების ჩამორთმევის დავალება მისცა.

რობერტ ქოჩარიანის ბლოკმა 2026 წლის 7 ივნისის არჩევნებში ბარიერი გადალახა და პარლამენტში გავიდა. 16 ივნისს სომხეთის პროკურატურამ ცესკოს ოფიციალურად მიმართა ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ საქმის აღძვრის ნებართვის მისაღებად. მანამდე, 14 ივნისს ქოჩარიანის ოფისმა განაცხადა, რომ პოლიტიკოსი პირადი საკითხების გამო სამდღიანი ვიზიტით საზღვარგარეთ მიემგზავრებოდა, თუმცა რამდენიმე საათში ცნობილი გახდა, რომ მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა.