ახალი ამბები

რატომ არ აიცრა ღარიბაშვილი? — ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

6 აპრილი, 2021 • 1475
რატომ არ აიცრა ღარიბაშვილი? — ჯანდაცვის სამინისტროს განმარტება

დღეს, 6 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ მანამდე ღარიბაშვილი არ აცრილა და ამაზე სპეციალურ განმარტებასაც ავრცელებენ.

როგორც დღეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა, ვაქცინაციის გეგმა უშუალოდ პრემიერ-მინისტრის აცრას არ ითვალისწინებდა.

„ჩვენი აცრების გეგმა მიჰყვება მკაცრად განსაზღვრულ ეტაპობრიობას: ასაკობრივი ჯგუფები, ასევე, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების აცრა არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არცერთ ჯგუფს, რომლისთვისაც განსაზღვრული არის გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია და მხოლოდ საზოგადებრივი პრომოციის [პოპულარიზაციის] მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ.

იყო თავიდან მსგავსი ინიციატივა, მაგრამ საზოგადოების მხრიდან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია 100 ცნობილი სახის აცრამ და, რა თქმა უნდა, არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ქვეყანა ადრეულ ეტაპზეა ვაქცინაციის და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან“, — ამბობს გაბუნია და ამატებს, რომ რისკი ყველგანაა და ინფექცია შეიძლება ყველას შეხვდეს.

მისივე ინფორმაციით, ღარიბაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და განაგრძობს მკურნალობას.


საქართველოში 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. ერთ-ერთი პირველი, ვინც კორონავირუსზე აიცრა, პაატა იმნაძე, მარინა ეზუგბაია და მარინა ენდელაძე იყვნენ.

რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, კორონავირუსზე „ასტრაზენეკას“ ვაქცინით უკვე აიცრა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე და საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი