“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI-ს) ახალი კვლევის თანახმად, არჩევნები მომდევნო კვირას რომ ჩატარებულიყო, 35% “ქართულ ოცნებას”, 34% კი ჯამურად ოპოზიციას მისცემდა ხმას.
კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, არჩევნები რომ მომდევნო კვირას ტარდებოდეს, გამოკითხულთა 35%-მა “ქართული ოცნება” დაასახელა. 18%-მა დაასახელა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”.
რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, 3-3%-მა “ევროპული საქართველო” და “სტრატეგია აღმაშენებელი” დაასახელა. 2-2%-მა კი “გირჩი – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე”, “პატრიოტთა ალიანსი”, “ლეიბორისტული პარტია” და “მოქალაქეები” დაასახელა. “ლელოს” და სხვა პარტიებს კი ხმას მისცემდა 1-1%.
ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 10% არცერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 5% ბიულეტნს გააფუჭებდა. ასევე, 15%-მა არ გასცა კითხვაზე პასუხი, ან განაცხადა, რომ არ იცის.
კვლევა ჩატარდა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის, დოქტორ რასა ალიშაუსკინეს მიერ, 2021 წლის 2-26 თებერვლის პერიოდში. კვლევის ფარგლებში საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“ მიერ.
ორგანიზაციის განცხადებით, მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. IRI აღნიშნავს, რომ შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.
მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი – 75 პროცენტი. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.