საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო აცხადებს, რომ Facebook-ზე გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ილია მეორემ კომენდანტის საათის გაუქმება მოითხოვა, ტყუილია. მეტიც, გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ პატრიარქი 4 აპრილს საკვირაო წირვაზე საერთოდ არ ყოფილა.
“სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გუშინ, 2021 წლის 4 აპრილს, საკვირაო ქადაგებისას, კომენდანტის საათისა და შეზღუდვების გაუქმების შესახებ ისაუბრა, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მეტიც, უწმინდესი და უნეტარესი 4 აპრილის საკვირაო მსახურებაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, სახელმწიფოს მიერ დაწესებული გარკვეული შეზღუვებისა და რეგულაციების დაცვის შესახებ არსებობს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილებები, საქართველოს საპატრიარქოსა და თავად უწმინდესისა და უნეტარესის ოფიციალური განცხადებები, რომლებიც მოგვიწოდებენ, დავემორჩილოთ სახელმწიფოს მიერ დაწესებულ რეგულაციებს, დავიცვათ სოციალური დისტანცია, ვატაროთ პირბადე და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას”,-წერია განცხადებაში.