ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

მომდევნო კვირაში ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვს ეწვევა

4 აპრილი, 2021 •
მომდევნო კვირაში ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად მოსკოვს ეწვევა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომდევნო კვირაში მოსკოვში გაემგზავრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად. შეხვედრა 7 აპრილსაა ჩანიშნული.

კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა 2 აპრილს განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ „სამმხრივი შეთანხმების იმპლემენტაციას, რითაც მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა იქნა მიღწეული“.

პარალელურად სომხეთი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება. ფაშინიანმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ თანამდებობას აპრილში დატოვებს, რისი მიზანიც რიგგარეშე არჩევნების კანონის შესაბამისად ჩატარებაა. თუმცა, ამავდროულად, იგი დარჩება მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად.

სომხეთის ოპოზიციური პარტიების მიერ შექმნილი პოლიტიკური კოალიცია ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდეგ, 10 ნოემბრიდან ითხოვდა, რის გამოც ერევანში პერიოდულად იმართებოდა საპროტესტო აქციები.

ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც არმიის გენშტაბის მეთაურმა და 40-მდე მაღალი რანგის ოფიცერმა გაავრცელეს ერთობლივი წერილი, სადაც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვდნენ.

18 მარტს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ რიგგარეშე არჩევნები ქვეყანაში 20 ივნისს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი