ახალი ამბები

ოპოზიცია სამუშაო შტაბს ქმნის 15 მაისის პროტესტთან დაკავშირებით

3 აპრილი, 2021 •
ოპოზიცია სამუშაო შტაბს ქმნის 15 მაისის პროტესტთან დაკავშირებით

“ლეიბორისტული პარტიის” ოფისში, ოპოზიციის შეხვედრაზე, 15 მაისს დაგეგმილი საპროტესტო აქციის დეტალებზე იმსჯელეს. შეიქმნა სამუშაო შტაბიც, რომელიც ამ პროცესს გაუწევს კოორდინირებას.

როგორც “ნეტგაზეთს” “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ განუცხადა, ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონებშიც აპირებენ შეხვედრებს.

“შტაბის პრეზენტაცია იქნება უახლოეს პერიოდში. სამუშაო-საკოორდინაციო იქნება ძირითადად 15 მაისის აქციებთან დაკავშირებით. თითო პარტიიდან თითო ადამიანი იქნება შტაბში… დღეს განვიხილეთ, როგორ წავალთ წინ. უახლოეს პერიოდში რეგიონებში გასვლას დავიწყებთ უკვე”, — თქვა მან.

ხატია დეკანოიძის სიტყვებით, შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს “ქართული ოცნების მიერ ჩაშლილ მოლაპარაკებებსა” და საერთაშორისო პარტნიორებთან მუშაობაზე.

ოპოზიციური პარტიები 15 მაისს აქციის გამართვას თბილისში, პარლამენტის წინ გეგმავენ. ეს ღონისძიება ნაწილია სამოქმედო გეგმისა, რომელიც ოპოზიციამ საზოგადოებას 20 მარტს, ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პირველი რაუნდის უშედეგოდ დასრულების შემდეგ გააცნო.

“ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი”, — თქვა მაშინ ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უდუმაშვილმა.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროკავშირის მედიაციით წარმოებული მოლაპარაკებების ორივე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მთავარი მედიატორი — ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი — ბრიუსელში დაბრუნდა. უცნობია, განახლდება თუ არა მოლაპარაკებები.

უშედეგო პროცესის შემდეგ, გავრცელდა ევროპარლამენტარების განცხადების პროექტი, რომელშიც ისინი აღნიშნავენ, რომ “საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას”. ხელმომწერნი არა მხოლოდ პოლიტიკოსთა პასუხისმგებლობაზე საუბრობენ, არამედ პირდაპირ მოუწოდებენ ევროკავშირს, გადაიხედოს საქართველოს ფინანსური დახმარების პოლიტიკა.

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა, რა ხდება ამის შემდეგ?

ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმება ვერ შედგა, რა ხდება ამის შემდეგ?

მასალების გადაბეჭდვის წესი