ახალი ამბები

“დაასრულე კომენდანტი!” — აქცია-მსვლელობა თბილისში

3 აპრილი, 2021 •
“დაასრულე კომენდანტი!” — აქცია-მსვლელობა თბილისში

ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით 3 აპრილს დაგეგმილი აქციის მონაწილეები თბილისში, სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან. გეგმის თანახმად, აქციის მონაწილეთა ბოლო გაჩერება პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაა, სადაც ისინი დემონსტრაციულად დაარღვევენ გადაადგილების შეზღუდვას.

აქციის ორგანიზატორთა შორის არიან მოძრაობა “სირცხვილია”, პლატფორმა “დროა”, პარტიები “გირჩი-მეტი თავისუფლება” და “ლელო”.

“დაუსრულებელი კომენდანტის საათი აუარესებს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობას. გადაადგილების შეზღუდვა ანგრევს ჩვენს ეკონომიკას.

თვითდასაქმებულ ადამიანებს შეგვიმცირდა ან სრულად წაგვერთვა თავის და ოჯახის რჩენის საშუალება.

კომენდანტის საათის გამო ხელოვნურად იტვირთება საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასში მყოფი ადამიანები არიან დაავადების საფრთხის ქვეშ.

სინამდვილეში კომენდანტის საათი და გადაადგილების შეზღუდვა ამ მთავრობის პოლიტიკური იარაღია. პანდემიის კონტროლის ნაცვლად გვაკონტროლებენ ჩვენ”, — აღნიშნულია აქციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

"გირჩის-მეტი თავისუფლების" წარმომადგენლები ვაკის პარკთან.

“გირჩის-მეტი თავისუფლების” შეკრება ვაკის პარკთან. ისინი ჯერ ფილარმონიამდე, შემდეგ კი — პარლამენტამდე მსვლელობას გეგმავენ

აქციის მონაწილეებმა შეკრება 17:00 საათზე, სამ ადგილას — თსუ-ს ეზოში, წითელ ბაღსა და ვაკის პარკთან — დაიწყეს. გაიმართება მსვლელობები, რომლებიც ერთმანეთს ფილარმონიის მიმდებარედ შეუერთდება. ამის შემდეგ, 18:00 საათზე, დემონსტრანტები საერთო მსვლელობით პარლამენტთან მისვლას გეგმავენ.

“21:00 საათზე პარლამენტის წინ, კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად დავარღვევთ კომენდანტის საათს”, — ნათქვამია განცხადებაში.

აქციის ორგანიზატორები ადგილზე დარჩენას აპირებენ 05:00 საათამდე, როდესაც ე.წ. კომენდანტის საათი სრულდება. განცხადების მიხედვით, ადგილზე იქნება ცოცხალი მუსიკა.

დღის პირველ ნახევარში მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტებს პარლამენტის მიმდებარედ, ტროტუარზე, სცენის მოწყობა სურდათ. აქტივისტთა თქმით, აღნიშნულის საშუალება მათ პოლიციამ არ მისცა.

მოძრაობა "სირცხვილიას" აქცია წითელ ბაღში. ისინი ჯერ ფილარმონიამდე, შემდეგ კი — პარლამენტამდე მსვლელობას გეგმავენ

მათივე ინფორმაციით, პოლიცია აქტივისტებს სცენის დადგმას პარლამენტის კიბეზე სთავაზობდა. როგორც აქტივისტმა ნოდარ რუხაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, აღნიშნულს აქციის ორგანიზატორები არ დაეთანხმნენ, ვინაიდან კიბის მიმდებარედ კარვებია გაშლილი და ღონისძიების სრულფასოვნად ჩატარება ვერ მოხერხდება.

ხელისუფლების წარმომადგენელთა საჯარო განცხადებების თანახმად, ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება, ჯერჯერობით, არ იგეგმება. ამ გადაწყვეტილებას ეპიდემიოლოგიური ვითარების ხსნიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი