ახალი ამბები

ოპოზიციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკური ძალამ, უნდა თქვას, რომ შედის პარლამენტში — სანდრო ბარამიძე

2 აპრილი, 2021 •
ოპოზიციამ, როგორც პასუხისმგებლიანმა პოლიტიკური ძალამ, უნდა თქვას, რომ შედის პარლამენტში — სანდრო ბარამიძე

“თავისუფალი დემოკრატების” ყოფილი წევრი სანდრო ბარამიძე  ამბობს, რომ ევროპარლამენტარების პირველი აპრილის განცხადება წარმოადგენს განგაშის სიგნალს, რომელსაც სწრაფი და არასტანდარტული გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.

მისი თქმით, ეს არის მკაცრი გაფრთხილება მოსალოდნელი ზომების შესახებ არა რომელიმე ცალკე აღებული პირის ან ჯგუფის, არამედ მთლიანად ქვეყნის მიმართ.

“ამ ეტაპზე ლაპარაკია ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესებისა და მისი მაკროეკონომიკური ფინანსური დახმარების შეჩერების თაობაზე. ასეთი ზომების მიღების შემთხვევაში, ჩვენი ქვეყანა დაკარგავს ევროკავშირის და მთელი დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკურ მხარდაჭერას, რაც რუსეთის წინაშე ერთი-ერთზე დარჩენის საფრთხეს გვიქმნის და, რაც არანაკლებ სავალალო იქნება, ბოლომდე გაანადგურებს ისედაც დაქცეულ ეკონომიკას. შედეგად, დაისჯება ქვეყანა და მისი ისედაც გაღატაკებული ხალხი.

ასეთ ვითარებაში ხელისუფლების მხრიდან სწორი ნაბიჯი იქნებოდა ოპოზიციის მიმართ აგრესიული რიტორიკის შერბილება, პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირების მიმართ ფართო ამნისტიის გამოცემა და, იდეალურ შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა. თუმცა ასეთი ზომების მიღებას ხელისუფლებისგან მე პირადად არ მოველი. ძალიან მინდა ვცდებოდე.

რაც შეეხება ოპოზიციას, მას მართებს სრული სიცხადით გააზრება იმისა, რომ ევროპარლამენტარებმა აშკარა უკმაყოფილება (და სადღაც ბრაზიც კი) მისი მისამართითაც გამოხატეს. განცხადებაში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ არშემდგარ შეთანხმებაში ბრალი მიუძღვით როგორც ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას. ლაპარაკი იმაზე, რომ ხელისუფლებას უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, რადგან ის ხელისუფლებაა და ა.შ. არაფერს ცვლის”, — წერს ბარამიძე.

ბარამიძის აზრით, აქედან გამომდინარე, განურჩევლად იმისა, შეცვლის თუ არა თავის ქცევაში რაიმეს ხელისუფლება, ოპოზიციამ უნდა განაცხადოს, რომ როგორც პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკური ძალა, ის შედის პარლამენტში და იწყებს მუშაობას ამნისტიის კანონზე და ფუნდამენტურ რეფორმებზე. ამასთან:

  1. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს გაყალბებული არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებას – ამას ოპოზიციისგან არც დანიელსონის ტექსტი მოითხოვდა;
  2. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ვადამდელი არჩევნების მოთხოვნაზე უარის თქმას;
  3. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს აქამდე გამოცხადებული ბოიკოტის ლეგიტიმურობაზე უარის თქმას – ბოიკოტმა თავისი ფუნქცია შეასრულა, საქართველომ მიიპყრო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება ცუდად ჩატარებული არჩევნების გამო;
  4. პარლამენტში შესვლა არ ნიშნავს ქუჩის პროტესტისა და შეკრებების ფუნდამენტურ უფლებაზე უარის თქმას;
  5. პარლამენტში შესვლა ნიშნავს ოპოზიციის ღია განაცხადს, რომ ის ანგარიშს უწევს შექმნილ საშიშ ვითარებას, გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას და მზად არის, სიტუაციის ნორმალიზების მიზნით, ცალმხრივად მიიღოს განსხვავებული, არასტანდარტული გადაწყვეტილებები;
  6. პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ოპოზიცია თავად შეიმუშავებს და დღის წესრიგში თავად დააყენებს ისეთ საკანონმდებლო რეფორმებს, რომლებიც რეალურად არის საჭირო საარჩევნო და მართლმსაჯულების სისტემების დემოკრატიის პრინციპებთან შესაბამისობაში მოსაყვანად – ამის ხელისუფლებისათვის მიტოვება იმის საწინდარია, რომ ხელისუფლება ზერელე და არაეფექტიან საკანონმდებლო ცვლილებების მიიღებს და ჩვენი დასავლელი პარტნიორების წინაშე მათ რეალურ რეფორმებად გაასაღებს;
  7. პარლამენტში შესვლა ნიშნავს, რომ ოპოზიცია თავად შეიმუშავებს ამნისტიის კანონს – მიმდინარე კრიზისის პირობებში ხელისუფლებას გაუჭირდება ისეთ მნიშვნელოვან პუნქტზე უარის თქმა, რომელიც დანიელსონის ტექსტის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო.

ყოველივე ამით ოპოზიცია მხოლოდ ამაღლდება თავისი ამომრჩევლის, მთლიანად ქვეყნის მოსახლეობისა და საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში”, — წერს ბარამიძე.


ევროპარლამენტართა ჯგუფმა კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პირველ აპრილს ერთობლივი განცხადება გაავრცელა საქართველოსთან დაკავშირებით.

ევროპარლამენტარები წუხილს გამოთქვამენ, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაცია საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის წარუმატებლად დასრულდა. ისინი პასუხისმგებლობას ორივე მხარეს, განსაკუთრებით კი მმართველი გუნდის წევრებს აკისრებენ.

მათი თქმით, კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებული წინადადება ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის და ამ კომპრომისულ წინადადებაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს ლიდერები არ უნდა ელოდნენ, რომ ურთიერთობა ევროკავშირთან ჩვეულებრივ გაგრძელდება.

განცხადებას ხელს 7 ევროპარლამენტარი აწერს.

ქართველი ლიდერები არ უნდა ელოდნენ EU-სთან ურთიერთობის ჩვეულებრივ გაგრძელებას – ევროპარლამენტარები

მასალების გადაბეჭდვის წესი