პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სენატში საქართველოს შესახებ გამართული დებატების შემდეგ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილეს, ჯორჯ კენტს განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
როგორც ღარიბაშვილი ამბობს, კენტმა საქართველოზე საუბრისას ობიექტურობა გამოიჩინა.
“მე მინდა ვისარგებლო ამ შემთხვევით და მადლობა გადავუხადო აშშ-ის სენატს და სახელმწიფო დეპარტამენტს, კონკრეტულად, ბატონ ჯორჯ კენტს [სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე] გაკეთებული სამართლიანი შეფასებებისთვის და ობიექტურობისთვის. აღნიშნული მოსმენა და იქ გაკეთებული შეფასებები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი სახელმწიფო ჩვენს რეგიონში. ყოველგვარ სპეკულაციებს წერტილი დაესვა აღნიშნული განცხადებებით და, რაც მთავარია, დასრულდა აბსურდული ბრალდებები და სპეკულაციები”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ერვოკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები.
“რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და კიდევ მინდა გამოვეხმაურო ბატონი ბორელის განცხადებებს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებებს. მინდა გამოვეხმაურო იმ ორგანიზებულ თავდასხმას, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განახორციელეს ვიცე-პრეზიდენტ ბორელის მისამართით. ეს კიდევ ერთხელ უჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.