ახალი ამბები

“თავისთვის შეინახონ მადლობა” – ოხანაშვილი კრემლის გამოხმაურებაზე

1 აპრილი, 2021 • 831
“თავისთვის შეინახონ მადლობა” – ოხანაშვილი კრემლის გამოხმაურებაზე

“ქართული ოცნების” წევრი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ ოკუპანტი ქვეყნის მადლობები არავის სჭირდება. ასე გამოუხმაურა ოხანაშვილი იმას, რომ კრემლი ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას მიესალმა.

“საერთოდ არ გვჭირდება არავისი მადლობა. ჩვენ გავატარებთ იმ პოლიტიკას, რასაც ვატარებთ, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია და ოკუპანტი ქვეყნის ისეთი წარმომადგენელი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთლიანობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის და ჩვენი გუნდისთვისაც. არავის არ სჭირდება ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლის მადლობა და შეინახონ თავისთვის. ჩვენ ვაგრძელებთ პოლიტიკას ევროკავშირთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობით ჩვენს სრულ ინტეგრაციას ევროატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით სტუმართმოყვარეობაც, მასპინძლობაც”, — განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, პოზნერის ვიზიტს ფსევდოპატრიოტები აპროტესტებდნენ და ამიტომ, კარგი იქნებოდა ლუსტრაციის კანონის მიღება.

“ფსევდოპატრიოტები ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ფსევდოპატრიოტიზმია, როდესაც ის ხალხი რაღაცას აპროტესტებს, რომლებიც თვითონ არიან კავშირებში შემჩნეული, მათ შორის ოკუპანტ სახელმწიფოსთან. დიდი სიამოვნებით დავიწყებდი მუშაობას ლუსტრაციის კანონზე, დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი და ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში გავარკვიოთ, ვინ ვინ არის”, — განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.


რია ნოვოსტის ცნობით, კრემლი მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას “ნაციონალისტი თავდამსხმელების მიერ იმ სასტუმროზე თავდასხმის დაგმობის შესახებ, სადაც რუსი მოქალაქეები იმყოფებოდნენ”.

“ჩვენ ვნახეთ დღევანდელი განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომელმაც დაგმო მსგავსი მოქმედებები და ჩვენ მივესალმებით ამგვარ განცხადებებს”, – განაცხადა დმიტრი პესკოვმა.

მისივე თქმით, “იგი მადლიერია საქართველოს პოლიციის, რომელმაც უზრუნველყო რუსი მოქალაქეების უსაფრთხოება”.

რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფებოდა. მასთან ერთად საქართველოს 40-მდე პირიც ეწვია.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო ვინოტელში იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი და მისი სტუმრები შსს-მ ავტობუსით სასტუმრო რუმსში გადაიყვანა, რომელიც გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე დატოვა.

საქართველო კი დაგეგმილზე ადრე, დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე დატოვა.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტს გამოეხმაურა და თქვა, რომ ის საქართველოში კანონის დაცვით შემოვიდა. რაც შეეხება ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს, ღარიბაშვილმა ეს ენმ-სთან დააკავშირა და თქვა, რომ ენმ-მ მოვლენები თავიანთი დღის წერსიგის ფარგლებში მოაქცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი