ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პოზნერს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტიც ეპატიჟება

1 აპრილი, 2021 • 795
პოზნერს აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტიც ეპატიჟება

თბილისის ინციდენტის შემდეგ, რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერისადმი მიმართვას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაც ავრცელებს.

“გამაოგნებელი იყო აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის თქვენთან დაკავშირებით თბილისში განვითარებული მოვლენები. მხოლოდ აღშფოთებას იწვევს ე.წ. კავკასიელების მოქმედებები, რომლებიც კავკასიის ხალხების საუკუნოვან ტრადიციებს არღვევს. პატივცემულო ვლადიმირ ვლადიმიროვიჩ, აფხაზეთში ყოველთვის გელოდებიან. გეპატიჟებით ჩვენს რესპუბლიკაში თქვენთვის ხელსაყრელ დროს”, – მიმართავს ასლან ბჟანია პოზნერს.

თბილისში მომხდარი ინციდენტით აღშფოთება აფხაზეთში ოპოზიციურმა საზოგადოებრივმა ორგანიზაცია  “აფხაზეთის სახალხო მოძრაობამაც” გამოთქვა და პოზნერი აფხაზეთში დაპატიჟა.

“ჩვენი სტუმარი გახდით” – პოზნერს აფხაზეთში ეპატიჟებიან

 

რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი