აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩინეთის ელჩის განცხადებით, ბაქო ბეიჯინისგან [პეკინი] ვაქცინის 150 000 დოზას უსასყიდლოდ, საჩუქრად მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ, აზერბაიჯანული გამოცემა APA ავრცელებს.
“ამჟამად პანდემია მთელ მსოფლიოში ვრცელდება. იმ სირთულეების გასამკლავებლად, რაც აზერბაიჯანის მთავრობას უდგას, და ვირუსზე საბოლოო გამარჯვების მოპოვების მიზნით, ჩინეთის მთავრობამ გადაწყვიტა, რომ გამოაგზავნოს ვაქცინის 150 000 დოზა უფასოდ”, – განაცხადა ჩინელმა ელჩმა.
გარდა უფასო ვაქცინებისა, აზერბაიჯანმა ჩინეთისგან ვაქცინის დამატებით 5 მილიონი დოზა შეუკვეთა, რომელთაგან 500 000 ქვეყანაში დღეს ჩავიდა.
აზერბაიჯანში იმუნიზაციის პროცესი 18 იანვარს დაიწყო. თავდაპირველად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები აიცრნენ. მოგვიანებით კი დაიწყო ასაკობრივი ჯგუფების ვაქცინაციაც.
გარდა ჩინური ვაქცინისა, აზერბაიჯანი ასტრაზენეკას ვაქცინის მიღებასაც ელოდება.