ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის პარლამენტმა საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

1 აპრილი, 2021 • 523
სომხეთის პარლამენტმა საარჩევნო კანონში შესატან ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა

დღეს, პირველ აპრილს, სომხეთის პარლამენტმა, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, პირველი მოსმენით მიიღო საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების კანონპროექტი, რომელიც ე.წ. რანჟირებულ საარჩევნო სისტემას დახურული პროპორციული სიების მოდელით ცვლის.

კანონპროექტის ავტორები მმართველი ძალის დეპუტატები არიან, მათ შორის არმან ბაბაჯანიანი, სერგეი ბაგრატიანი, ვაჰაგნ ჰოვაკიმიანი და ჰამაზასპ დანიელიანი.

მეორე მოსმენა მომდევნო 24 საათის განმავლობაში გაიმართება.


ე.წ. რანჟირებული საარჩევნო სისტემა გულისხმობს პროპორციული წესით შედგენილ სიებს, სადაც ამომრჩეველს თავად შეუძლია კონკრეტული რიგითობა მიანიჭოს მისთვის სასურველ კანდიდატს. ამ შემთხვევაში ამომრჩეველი თავად ადგენს პარტიის პროპორციულ სიას. შესაბამისად, პარლამენტში ხვდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც რანჟირებული პრინციპით, ყველაზე მეტმა ადამიანმა დაუჭირა მხარი.

დახურული პროპორციული სიების მოდელი გულისხმობს პროპორციული წესით შედგენილ საარჩევნო სიებს, სადაც კანდიდატთა რიგითობა წინასწარაა განსაზღვრული კონკრეტული პარტიის გადაწყვეტილებით.

რიგგარეშე არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება. მანამდე, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტს აპრილში დატოვებს, თუმცა კვლავ შეასრულებს მთავრობის მეთაურის მოვალეობებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი