ახალი ამბები

თუ ოპოზიცია ევროპელი პარტნიორების პირობებზე წამოვა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის — მდინარაძე

1 აპრილი, 2021 • 588
თუ ოპოზიცია ევროპელი პარტნიორების პირობებზე წამოვა, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის — მდინარაძე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია ევროპელი პარტნიორების მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანახმა იქნება, მაშინ მმართველი გუნდი თანახმაა, მათთან საუბარი ნებისმიერ რეჟიმში განაახლონ.

მისი თქმით, მოლაპარაკაბების შეწყვეტაზე საუბარი არ არის.

“პრემიერ-მინისტრს აბსოლუტურად ვეთანხმები, რომ ჩვენ დრო არ უნდა დავკარგოთ ვიღაცის ახირებებზე მსჯელობისათვის. ჩვენ საქმეზე და საქმიან რაკურსზე უნდა გადავიტანოთ ჩვენი დღის წესრიგი. კონკრეტული პირობები მოლაპარაკების მაგიდაზე დადეს ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა, რასაც პრინციპულად ვეთანხმებოდით და მზად ვიყავით, ხელი მოგვეწერა ძალიან მცირე, რამდენიმე შენიშვნის თანხლებით. თუ რადიკალური ოპოზიცია მზად იქნება იმ მოლაპარაკებების განახლებისთვის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების პირობებზე წამოვლენ, მაშინ მზად ვართ, ამ მოლაპარაკებებში ხელახლა ჩავერთოთ. სხვა შემთხვევაში, ჩვენ საქმეს უნდა მივხედოთ, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა დაგროვილი და არა მათ მიერ მოგონილი კრიზისი”, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, პირველ აპრილს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა და მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა თქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და შარლ მიშელი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი