ახალი ამბები

ეჭვი არსებობს, რომ რუსეთის აგენტები არიან, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? – კობახიძე აქტივისტებზე

1 აპრილი, 2021 • 796
ეჭვი არსებობს, რომ რუსეთის აგენტები არიან, როგორ იგებენ ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? – კობახიძე აქტივისტებზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმის პოზნერის ვიზიტს ის ადამიანები აპროტესტებდნენ, რომლებიც რუსული საქმის კეთებაში არიან შემჩნეული.

“არ იყო  მხოლოდ პარტიული პროტესტი, აქ იყვნენ კონკრეტული პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც იმავდროულად არიან რუსეთის საქმის მკეთებლები და დაკავშირებული პირდაპირ რუსეთთან. ეს იყი რუსულ-ნაცმოძრაობის პროტესტი. რაც შეეხება ვიზიტის შეფასებას, აქ ამოსავალი წერტილი იყო ოკუპაციის კანონი და ზოგადად, ასე იღებს ხოლმე ხელისუფლება გადაწყვეტილებას”, —  განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, არსებობს ეჭვი, რომ ეს ადამიანები რუსეთის აგენტები არიან.

“საფუძვლიანი ეჭვი არსებობს, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები. როგორ იგებენ ისინი ყველაზე ადრე ასეთ ვიზიტებს? ელენე ხოშტარია საიდან იგებს? ეს არის აგენტურა, რომელიც მოქმედებს აგენტურული ინტერესების შესაბამისად”, — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი