ახალი ამბები

დედას, რომელმაც 5 თვის ჩვილს პირბადე არ გაუკეთა, “რიკო კრედიტში” არ მოემსახურნენ

1 აპრილი, 2021 • 3054
დედას, რომელმაც 5 თვის ჩვილს პირბადე არ გაუკეთა, “რიკო კრედიტში” არ მოემსახურნენ

“დატოვეთ ბავშვი გარეთ და მოგემსახურებით,” — ისმის სალი ჯუღელის ვიდეოში, რომელსაც თბილისში, “რიკო კრედიტის” ერთ-ერთ ფილიალში სერვისზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ როგორც თავად განმარტა, 5 თვის ჩვილს პირბადე არ გაუკეთა.

არც სალი ჯუღელსა და არც საქართველოს სხვა მოქალაქეს კანონმდებლობა არ ავალდებულებს, რომ მის ჩვილ ბავშვს პირბადე გაუკეთოს. საქართველოს მთავრობის 368-ე დადგენილების თანახმად, პირბადის გამოყენება 6 წლამდე ბავშვებს, უბრალოდ, არ მოეთხოვებათ.

როგორც “რიკო კრედიტის” ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, “კომპანიაში ესმით”, რომ აღნიშნულის საკანონმდებლო ვალდებულება არ არსებობს, თუმცა, პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მოტივით, გადაწყვიტეს, შენობაში არავითარ შემთხვევაში არ შეეშვათ უპირბადო მოქალაქეები. ეს ეხება ჩვილ ბავშვებსაც, რომლებსაც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, არცერთი რეგულაციით ამას არ ავალდებულებენ.

რა მოხდა?

30 მარტს სალი ჯუღელმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო და რამდენიმე ე.წ. სქრინშოტი. ამ კადრებში ჩანს, როგორ ითხოვს ბავშვიანი ქალი ოფისის თანამშრომლებისგან ახსნას, თუ რატომ არ ეხმარებიან და რატომ ეუბნებიან უარს სერვისზე.

ვიდეოში კიდევ 3 ადამიანი ჩანს, მათ შორის ერთ-ერთი კაცი თავდაპირველად ამბობს, რომ სერვისზე უარს ეუბნებიან იმიტომ, რომ პირბადე არ უკეთია. ამ დროს სალი ჯუღელი კადრს ატრიალებს და აჩევენებს, რომ თავად მას პირბადე უკეთია. შემდეგ კი კაცი შვილზე უთითებს და განუმარტავს, რომ ეს კომპანიის შინაგანაწესია.

ზოგადად ესეთი პოსტები არ მჩვევია მაგრამ როდესაც საქმე ეხება ადამიანის სიცოცხლეს თანაც ბავშვის უსაფრთხოებას,
მესმის…
Posted by Sali Jugeli on Tuesday, 30 March 2021

როგორც ჯუღელი ნეტგაზეთს უყვება, ჭავჭავაზის გამზირზე მდებარე ფილიალს, სადაც ბავშვიანად მივიდა, გარე სალარო არ აქვს. მისივე თქმით, ბავშვიანი ქალი დაცვამ გააფრთხილა, რომ რადგან 6 თვის ბავშვს პირბადე არ ეკეთა, არ მოემსახურებოდნენ.

“მითხრეს, ბავშვსაც უნდა ეკეთოს პირბადეო. გამიკვირდა და ვუპასუხე, ბავშვი 5 თვისაა-მეთქი. მეგონა, რომ გაიგებდნენ ასაკს, პრობლემა არ იქნებოდა. არ აქვს მნიშვნელობაო, მიპასუხეს. ავუხსენი, რომ 2 წლამდე ბავშვი კანონითაც არ არის ვალდებული, პირბადე ეკეთოს და პირბადის გამოყენების შემთხვევაში ჩვილის გაგუდვის რისკი არსებობს.

ჩვეულებრივად შევალ და მომემსახურონ-მეთქი. ეს რომ ვუთხარი და შევედი ფილიალში, დაცვამ გამასწრო, აირბინა კიბეები, რომელიც სალაროებამდეა მოწყობილი, მივარდა სალაროსთან და თქვა, ამას არ მოემსახუროთო”,— გვიყვება სალი ჯუღელი.

ის ამბობს, რომ ამის შემდეგ მენეჯერთან გასაუბრება მოითხოვა, თუმცა ფილიალის ყველა თანამშრომლისგან დახმარებაზე უარი მიიღო. ქალი იხსენებს, რომ მის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით დაცვის თანამშრომელი გამოირჩეოდა.

“მას შემდეგ, რაც ვიდეოები სხვადასხვა ჯგუფში ავტვირთე, უამრავმა ადამიანმა მომწერა და აღმოჩნდა, რომ სხვებსაც იგივე გამოცდილება აქვთ. ეს ნიშნავს, რომ ჩემი პრობლემა არ ყოფილა და “ზემოდან” მოდის ეს დამოკიდებულება”, — განმარტავს სალი ჯუღელი და ამატებს, რომ მისი 5 თვის ჩვილისთვის პირბადის გაკეთების მოთხოვნა სხვა დაწესებულებაში არ გაუგონია.

უსაფრთხოების რისკის გამო, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, “გაეროს ბავშვთა ფონდი” და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წერს, რომ 5 წლამდე ბავშვებს პირბადე არ უნდა ეკეთოთ. მათივე რეკომენდაციით, იმ გარდაუვალ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს ავადმყოფთან სიახლოვე უწევს, ის მუდამ უნდა იყოს მშობლის ყურადღების ქვეშ.

“პირადად ჩემი ბრძანება იყო” — კომპანიის ხელმძღვანელი

მას შემდეგ, რაც სალი ჯუღელმა “რიკო კრედიტში” მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეო ფეისბუკზე ატვირთა და შემდეგ არაერთ ჯგუფში ასეულობით ადამიანის გამოხმაურება მოჰყვა, ვიდეომიმართვა გაავრცელა “რიკო კრედიტის” დამფუძნებელმა და სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა ლაშა ნიკოლაიშვილმაც. ვიდეოში ის განმარტავს, რომ პანდემიის გამო კომპანიამ დამატებითი გამკაცრებული ზომები მიიღო.

 

მინდა გამოვთქვა ჩემი პატივისცემა რიკოს მომხმარებლების მიმართ და ვუსურვო ყველას ჯამრთელობა.

Posted by Lasha Nickolaishvili on Thursday, April 1, 2021

ნიკოლაიშვილი ნეტგაზეთთანაც იმავე მიზეზზე საუბრობს და ამატებს, რომ ნიღბის გარეშე ვერც ერთი მოქალაქე “რიკო კრედიტის” დახურულ ფილიალში ვერ შევა, რაც მისი პირადი გადაწყვეტილებაა. მისივე ინფორმაციით, სამომავლო დისკომფორტის აღმოფხვრისთვის კომპანიამ ფილიალების უმეტესობაში გარე სალაროებიც დააყენა.

ჭავჭავაძეზე “რიკო კრედიტის” ორი ფილიალია, ერთში გარე მომსახურების სალაროა მოწყობილი, მეორეში — არა. სალი ჯუღელი სწორედ იმ ფილიალში მივიდა, სადაც ასეთი სალარო ჯერ არ დაუმონტაჟებიათ. ამასთანავე, ნიკოლაიშვილი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ჯუღელს შესთავაზეს ბავშვის დაცვის თანამშრომელთან დატოვება, ან გარეთ მომსახურება.

ლაშა ნიკოლაიშვილს ჩვენ ასევე ვკითხეთ, რატომ დაწესდა მის კომპანიაში რეგულაცია, რომელიც ჩვილ ბავშვსაც კი პირბადის ტარებას ავალდებულებს, როცა მსგავს რამეს არცერთი რეგულატორი არ ითხოვს. მან გვიპასუხა, რომ ფილიალებში ყოველდღე 3 ათასი ადამიანი შედის და  “არის ასეთი წმინდა გაგება, როგორიცაა სოციალური პასუხისმგებლობა”.

“ნიღაბს ვაჩუქებდი, მაგრამ სახეზე არ ჩაეტევა. შეუძლებელია, რომ 5 თვის ბავშვს ნიღაბი ჩაეტიოს. ეს მესმის და სწორედ ამიტომ დავხარჯეთ ნახევარი მილიონი. დავხარჯეთ იმიტომ, რომ ჩემი მომხმარებელი იყოს უსაფრთხოდ.

მაგრამ ეს უკვე მესამე შემთხვევა არის ასეთი — იძახებენ პატრულს და არის ასეთი რაღაც – [იძახიან], რომ ჩვენ ვაკეთებთ ბავშვების დისკრიმინაციას, როდესაც მათ… იგივე სიტუაცია მქონდა ქუთაისის ფილიალშიც. სოციალურ ქსელებში თუ ნახავთ, ფეისბუკ ჯგუფ “სასოწარკვეთილ მომხმარებლებში” მოხვდა ეს ვიდეო. დაცვა სთხოვს, მე დავიტოვებო და გარეთ მოგემსახურებიო. იმ ფილიალში 70%-ს დაემართა კოვიდი. გადარჩნენ, მაგრამ რატომ გვინდა, რომ ნიღბის გარეშე შიგნით შემოვიყვანოთ ბავშვები, არ ვიცი, ჩემთვის გაუგებარია“, — ამბობს ის.

ლაშა ნიკოლაიშვილის თქმთ, მას ესმის, რომ მის მიერ დაწესებულ მკაცრ რეგულაციას უარყოფითი რეაქცია მოჰყვება, მაგრამ ამას “მოითმენს”.

“გულის სიღრმეში სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ეს ბრძანება ჩემ მიერაა გაცემული —რომ ნებისმიერი ასაკის უნიღბო ადამიანი ფილიალში არ შემოვიდეს. მე მწამს ღრმად, რომ ბევრ კრიტიკას დავიმსახურებ, ბევრ ლანძღვასა და გინებას, მაგრამ მე თუ ამ საქციელით ერთი სიცოცხლე მაინც გადავარჩინე, მე ამას მოვითმენ”, — ასე დაასრულა საუბარი ნეტგაზეთთან “რიკო კრედიტის” დამფუძნებელმა.

“კომპანიას კანონის საწინააღმდეგოდ ადამიანის მდგომარეობის გაუარესების უფლება არ აქვს”

ნეტგაზეთი ესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსს, ქეთი შუბაშვილს. მან გვითხრა, რომ სახალხო დამცველი ამგვარ შემთხვევებს სწავლობს და “რიკო კრედიტის” მაგალითსაც გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინებს.

შუბაშვილის თქმით, კანონი, რომელიც არ არის დისკრიმინაციული და ადამიანის უფლების მაღალ სტანდარტს ადგენს, მას უნდა შეესაბამებოდეს ყველა სხვა ქმედება — იქნება ეს კერძო კომპანია, ადამიანი, სახელმწიფო უწყება თუ ა.შ. შესაბამისად, კომპანიას კანონის საწინააღმდეგოდ ადამიანის მდგომარეობის გაუარესების უფლება არ აქვს.

“გასაგებია, რომ კერძო კომპანიაა, მაგრამ ეს უფლება მას მაინც არ აქვს. რაც შეეხება დისკრიმინაციას, არსი ის არის, რომ როდესაც არსებობს რაღაც რეგულაცია ან/და ვალდებულება იმისთვის, რომ ის არ იყოს დისკრიმინაციული, კანონმა, პრაქტიკამ, შინაგანაწესმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი ადამიანები, რომლებზეც ეს რეგულაცია შეიძლება განსაკუთრებით უარყოფით ეფექტს ახდენდეს. მაგალითად, მცირეწლოვანი ბავშვები, რიგ შემთხვევაში აუტისტური სპექტრის მქონე პირები და ა.შ.

ვინაიდან საკანომდებლო ბადემ ეს გაითვალისწინა, პრობლემა გვაქვს კონკრეტული კერძო პირის მხრიდან კანონის შეუსრულებლობაში და ისეთი რეგულაციის დადგენაში, რომელიც ამ განსხვავებულ ჯგუფებს ვერ ხედავს და ბლანკეტურად და შაბლონურად ავრცელებს ამ რეგულაციას ყველაზე“, — განმარტავს შუბაშვილი..

სახალხო დამცველის აპარატის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსის თქმით, როდესაც კომპანია რაღაცის გამო პირს მომსახურებას არ უწევს, ეს მომსახურებაში ხელშეშლაა. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს ან სახალხო დამცველს და განმარტოს, რომ მას დისკრიმინაციული მოტივით არ მოემსახურნენ.

ის ასევე დასძენს, რომ სახალხო დამცველი ხშირად სწორედ თავისი ინიციატივით განიხილავს მსგავს საქმეებს, ამ და სხვა, მსგავსი შემთხვევების შესახებ კი ინფორმაცია აქვთ, რასაც საქმის შესწავლის ფარგლებში გაითვალისწინებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი