ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე საქართველოში რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტის გამო პროტესტს გამოეხმაურა და “ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია” უწოდა.
მისი თქმით, პოზნერი საქართველოში კანონის დაცვით შემოვიდა და “ნაციონალური მოძრაობის” აქტივი მის განდევნას არა კანონის დარღვევის, არამედ მისი წარმომავლობის და საქართველოს მიმართ გამოთქმული მოსაზრებების გამო ითხოვდა და იქვე აღნიშნავს, რომ ეს მოსაზრებები მმართველი გუნდისთვისაც უკიდურესად მიუღებელია.
“ცოტა უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს, ეს ყველაფერი არის ფსევდოპატრიოტიზმით შეფუთული სამარცხვინო ისტერია. ნაცაქტივისტებს არც პოზნერი ადარდებთ, არც აფხაზეთი და არც სამაჩაბლო, მათ სრული ისტერიაა აქვთ, რადგან ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც გამარგინალდნენ და ერთადერთი, რაც დარჩენიათ, არის ქვეყანაში მუდმივი რყევების და დესტრუქციის მცდელობა. ისინი ქვეყნისთვის პრობლემების შექმნაში ხედავენ საკუთარ შანსს და ამ ნაწილში, ტრადიციულად, მათი და რუსეთის ინტერესები სრულ თანხვედრაშია”, — განაცხადა მდინარაძემ.
ვლადიმირ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.
აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ.