ჟურნალისტის კითხვაზე, უკავშირდება თუ არა ივანე მაჭავარიანის გადადგომა ქართული ოცნების გუნდსა და ივანე მაჭავარიანს შორის რაიმე შესაძლო დაპირისპირებას, არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ ამგვარი დაპირისპირება არ ყოფილა. მან ამის შესახებ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში ისაუბრა.
“ჩვენ გვქონდა პარტიის პოლიტსაბჭოში საუბარი მასთან და გუნდს ამასთან [გადადგომასთან] დაკავშირებით გვქონდა ინფორმაცია. მან თავადაც განმარტა განცხადებაში, რომ მას თანამდებობის დატოვება წლის ბოლოსთვის სურდა, თუმცა ასევე პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას, რომ ახალი პროგრამის შეთანხმებისთვის, მით უმეტეს, პანდემიის კრიზისის პირობებში, ის დარჩა კიდევ რამდენიმე თვე, ეს ამოცანები ბოლომდე მიიყვანა და მხოლოდ ახლა ტოვებს თანამდებობას.
მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსუსურვო მას”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი დღეს, 31 მარტს გადადგა. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. როგორც მაჭავარიანი წერს, თანამდებობის დატოვებას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებებისა და 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების გამო გადადგომა დროებით გადაიფიქრა.
“მინდა გაცნობოთ ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო”,-წერს მაჭავარიანი.