ახალი ამბებიეკონომიკა

ჩვენ ვიქნებით “პრო-ბიზნეს” მთავრობა — ღარიბაშვილი

30 მარტი, 2021 •
ჩვენ ვიქნებით “პრო-ბიზნეს” მთავრობა — ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილმა ღონისძიებაზე — “100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს” — სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მთავრობა, რომელსაც იგი ხელმძღვანელობს, იქნება “ბიზნესზე ორიენტირებული”.

“ჩემი მთავარი პოლიტიკა იქნება შემდეგი: მაქსიმალურად ღიად ვითანამშრომლებთ ბიზნესთან, ჩვენ ვიქნებით ბიზნესზე ორიენტირებული მთავრობა და ვართ კიდევაც და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ. ჩემი ხედვაა, რომ ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზსნესს, მინიმალური ბიუროკრატია, როგორც ცენტრალური მთავრობის, ისე რეგიონალურ დონეზე, სწრაფი გადაწყვეტილებები და ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა”, — განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო, ბიზნესი და მოქალაქე უნდა გაერთიანდეს.

“დღეს არის გაერთიანების დრო, რათა ჩვენი ქვეყანა მძიმე ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ, რომელიც წლების განმავლობაშია დაგროვებული”, — განაცხადა პრემირ-მინისტრმა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში სახელმწიფომ კერძო ბიზნესს დაახლოებით 400 მილიონი ლარის ღირებულების 150-მდე საინვესტიციო შეთავაზება წარუდგინა.

რას ამბობდა ღარიბაშვილი თებერვალში

თებერვლის თვეში, იმ დროს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა, რომ “მცირე სახელმწიფოს იდეა მითი იყო”.

“მოდით, პირდაპირ ვთქვათ, რომ ერთ წრეზე ვტრიალებთ უკვე 30 წელია. მე ვახსენე სიტყვა გარღვევა და ამ გარღვევას ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ. ჩვენ არაერთი ფასადური განახლების, ფასადური რეფორმების მომსწრენი გავხდით წინა ხელისუფლების დროს და ის დესტაბილიზაციის მცდელობები, რაც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს, რა თქმა უნდა, არის მიზანმიმართული ქმედება ჩვენი სახელმწიფოს დასუსტების მიზნით.

ვფიქრობ, რომ სწორედ ფასადური მითები უნდა დავანგრიოთ, რომლებიც ათწლეულებია აფერხებს ჩვენი ქვეყნის განვითარებას. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი მითია სუსტი, მცირე სახელმწიფოს იდეა, რომელიც გულისხმობს, რომ სახელმწიფო რაც შეიძლება ნაკლებად შეიძლება ჩაერიოს ეკონომიკაში და მაშინ ბაზრის უხილავი ხელი თავისით დაარეგულირებს ყველაფერს. ვგულისხმობ იმ კონტექსტს, რომელიც ქვეყანაში და მსოფლიოში დღეს არის შექმნილი. ვფიქრობ, რომ პროცესების თვითდინებაზე მიშვებით განვითარების პრეცედენტი ისტორიამ არ იცის. არც ევროპა და არც ამერიკა ამ გზით არ განვითარებულა”, – აცხადებდა მაშინ ღარიბაშვილი.

რა არის მცირე სახელმწიფოს მოდელი?

მცირე მთავრობის მოდელი გულისხმობს მმართველობის ისეთ ფორმას, როდესაც მთავრობის ზომა და ფუნქციური დატვირთვა უმცირეს დონემდეა დასული.

ამ დროს სახელმწიფოს როლი ეკონომიკის მართვის სფეროში მინიმალურია და არ არსებობს მკაცრი ეკონომიკური რეგულაციები.

როგორც წესი, მცირე მთავრობის დროს დაბალია გადასახადების მოცულობა და, შესაბამისად, მცირეა საბიუჯეტო ხარჯებიც, ხოლო სახელმწიფო შედარებით გათავისუფლებულია სოციალური პასუხისმგებლობებიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი