სენატის ევროპის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი სენატორი ჯინ შაჰინი და საგარეო კომიტეტის წამყვანი რესპუბლიკელ წევრი, სენატორი ჯიმ რიში “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში აცხადებენ, რომ კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ.
როგორც სენატორი რიში ამბობს, ახლა საქმე კარგად არ მიდის.
“კომპრომისი ყოველთვის შესაძლებელია, თუ ორი რამე გაქვს: მხარეებს საერთო მიზანი ამოძრავებთ და კეთილსინდისიერად მიდიან წინ. თუ ეს ორი რამ არის, კომპრომისი მიღწევადია. როგორც იცით, მე და სენატორი შაჰინი ადგილზე კავშირში ვართ ჩვენს წარმომადგენლებთან, ამერიკის ელჩთან, და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა ხელი შეუწყონ ამას. ახლა საქმე კარგად არ მიდის. ჩემი გზავნილია: დაუბრუნდით მაგიდას, გააკეთეთ ეს. ეს არის საქართველოს და მსოფლიოს ინტერესში”, — განაცხადა სენატორმა რიშმა.
თავის მხრივ, სენატორი შაჰინი იმედოვნებს, რომ “ქართული ოცნება” მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა “ნაციონალური მოძრაობა” კი გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რადგან ეს ქართველი ხალხის ინტერესშია.
“დიახ, მოსმენაზე ვიხილეთ ის, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს დემოკრატიის, ინსტიტუტების რეფორმების, განსაკუთრებით დამოუკიდებელი სასამართლოს მშენებლობის გზაზე, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს. აქვს განგრძობითი მხარდაჭერა ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კუთხით. მე და სენატორი რიში საქართველოს ნატოში გაწევრიანების მტკიცე მხარდამჭერები ვართ. თუმცა, ახლა გვსურს ვიხილოთ, რომ მმართველმა და მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ მათი განსხვავებები გადალახონ.
შეერთებული შტატები, ჩვენი საელჩო, ევროკავშირი და მათი წარმომადგენლები ეცდებიან მხარი დაუჭირონ ამ სიტუაციიდან გამოსავლის პოვნას. თუმცა თავად ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, როგორ მოაგვარებენ ამას. როგორც მმართველი პარტია, იმედი მაქვს, “ქართული ოცნება” ითანამშრომლებს და მიხვდება, რომ საჭიროა დათმობებზე წასვლა. იმედი მაქვს, ოპოზიციური პარტია, “ენმ”, გააანალიზებს, რომ ისინი უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და იფიქრებენ იმაზე, რა არის მისაღები, რათა ამის გაკეთება შეძლონ და უთხრან მხარდამჭერებს, რომ ვუბრუნდებით სესიას, რადგან ეს არის ქართველი ხალხის ინტერესში. და [ქართველი ხალხის ინტერესი] დღეს ყველაფერზე წინ უნდა იდგეს. როგორც სენატორმა რიშმა თქვა, თუ ორივე მხარე კეთილსინდისიერად არის ჩართული მოლაპარკებებში, ისინი მოახერხებენ შეთანხმებას. სწორედ ამის ხილვა გვსურს ჩვენ და სხვა დემოკრატიებს მსოფლიოში”, — განაცხადა სენატორმა შაჰინმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
გუშინ, 29 მარტს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დღეს, 30 მარტს, „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესახებ თავის წინადადებას შეხვედრაზე მიიტანს.
მისივე თქმით, თავად პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისგმებლობა და ამგვარ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.