ახალი ამბები

“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” – EMC-მ რეორგანიზაცია ჩაატარა

30 მარტი, 2021 •
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი” – EMC-მ რეორგანიზაცია ჩაატარა

არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) რეორგანიზაცია ჩაატარა და სახელწოდება შეიცვალა. დღეიდან ორგანიზაციას ერქმევა “სოციალური სამართლიანობის ცენტრი”.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ორგანიზაციის სახელის ცვლილება გამოხატავს მათი, მათი თანამებრძოლების, მხარდამჭერებისა და გულშემატკივრების საერთო სურვილს, ორგანიზაციის სახელი იმთავითვე ცხადს ხდიდეს იმ პრინციპებს, იდეალებსა და წარმოდგენებს, რაც დაფუძნების დღიდან აერთიანებთ:

“ჩვენთვის სამართლიანობის, უპირატესად კი სოციალური სამართლიანობის იდეა ყოველთვის წარმოადგენდა ჩვენი ბრძოლისა და ყოველდღიური შრომის მიზანს. სახელის ცვლილება არ უკავშირდება ორგანიზაციის მისიის და ხედვის ცვლილებას, ის ჩვენი იდეოლოგიური ჩარჩოს, პრინციპებისა და მიზნების გამოკვეთას ისახავს მიზნად.

ჩვენი ორგანიზაცია უკვე 8 წელია ცდილობს ხელი შეუწყოს სოციალურ სამართლიანობაზე, სოლიდარობაზე და ინკლუზიურ დემოკრატიაზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმოებას ქვეყანაში. დაფუძნების დღიდან ჩვენ ვხედავთ, რომ პოლიტიკური დღის წესრიგი პრივილეგირებული პოლიტიკური და ეკონომიკური ჯგუფების კერძო ინტერესებით აიგება და მასში სრულად არის გამოტოვებული ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილის და სხვადასხვა ჩაგრული ჯგუფის რეალური სოციალური და პოლიტიკური წუხილები, საჭიროებები და ინტერესები.

ამგვარმა პოლიტიკამ არა მხოლოდ გამორიცხა საზოგადოებრივი ინტერესები, არამედ ფართო ჯგუფები გააუცხოვა და გარიყა პოლიტიკის ველიდან. კერძო ინტერესების დომინირების პირობებში, საზოგადოებრივი ინტერესების ძიება, პოლიტიკური გამოხატვა და მათ გასატარებლად სოციალური ჯგუფების დემოკრატიული ორგანიზების ხელშეწყობა ჩვენი მუშაობის მთავარი სტრატეგია და პრინციპი გახდა. ცხადია, ეს მიზნები რთულად მიღწევადი იყო მკვეთრად პოლარიზებულ ანტისოციალურ და ნაკლებად დემოკრატიულ პოლიტიკიკურ გარემოში და ჩვენ მუდმივად გვიწევს მუშაობის და ბრძოლის ახალი სტრატეგიების ძიება და განვითარება”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

ორგანიზაციის განცხადებით, 8- წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, გასულ წელს დაიწყეს საკუთარი მიზნების, ამოცანებისა და სტრატეგიების გადააზრებისა და განვითარების დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელშიც მათი თანამშრომლები, თანამოაზრეები და თანამებრძოლები აქტიურად მონაწილეობდნენ.

“მრავალთვიანი ფიქრისა და დისკუსიის შემდეგ, ახალმა სტრატეგიამ, ერთი მხრივ, სრულად შეინარჩუნა ყველა ის იდეა და ამოცანა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია 8 წლის განმავლობაში ემყარებოდა, მეორე მხრივ კი, შეეცადა ეპასუხა უფრო ფართო სოციალური უკმაყოფილებებისთვის და გაეფართოებინა ორგანიზაციის სამუშაო თემები და სტრატეგიები. ქვეყანაში მიმდინარე ისტორიული, პოლიტიკური და სოციალური პროცესების კრიტიკული ანალიზი და მათ გარშემო უფრო ფართო საზოგადოებრივი დისკუსიის წარმოება კიდევ ერთ მნიშვნელოვან ამოცანად დაისახა”, – აცხადებენ ორგანიზაციაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ ინარჩუნებს ყველა სამუშაო მიმართულებას და მის საქმიანობას აძლიერებს ახალი თემებით, რაც მოიცავს:

  • გარემოსდაცვითი სამართლიანობა და პოლიტიკა;
  • ინკლუზიური მართვა და მონაწილეობითი დემოკრატიის საკითხები;
  • დანაშაულის და სასჯელების ანტისოციალური პოლიტიკის კრიტიკა;
  • კონფლიქტების მშვიდობიან ტრანსფორმაციის და უფლებების დაცვის ხელეწყობა;
  • ქალთა მიმართ სამართლიანი სოციალური; ეკონომიკური პოლიტიკის მხარდაჭერა.
  •  ჩვენ ვაცნობიერებთ არსებული ეკონიმიკური და პოლიტიკური წესრიგის რადიკალური გარდაქმნის საჭიროებას, რათა ყველა სოციალური ჯგუფისთვის შეიქმნას უფრო სამართლიანი, თანასწორი და დემოკრატიული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გარემო. ამ მიზნით კი ქვემოდან მოქალაქეების დემოკრატიული ორგანიზების ხელშეწყობა, რეალურ სოციალურ ცვლილებებზე მიმართული პოლიტიკის მშენებლობა და სოლიდარობის ქსელების განვითარება სოციალური სამართლიანობის ცენტრის პოლიტიკურ და სამუშაო სტრატეგიის წამყვან პრინციპად გვსურს რომ იქცეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი