აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი ამოწმებენ 27 მარტს სოციალურ ქსელ “ინსტაგრამში” ვიდეოს გამოქვეყნების ფაქტს, სადაც ისმის ადგილობრივი გოგონას ფრაზა “აფხაზეთი საქართველოა”.
გარდა ამისა, დე ფაქტო საგამოძიებო უწყების ცნობით, მათ დაადგინეს, რომ ვიდეოში მონაწილე გოგონებს სხვა სოციალურ ქსელებში განთავსებული აქვთ ფოტოები, სადაც ისინი ძალოვანი უწყებების უნიფორმებში არიან წარმოდგენილნი.
“ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია მომხდარის დროს ყველა მონაწილე და გარემოება. გოგონებს ეცვათ საკუთარი ნაცნობების, გადამდგარი პოლიციის ოფიცრების უნიფორმები, გადაიღეს სხვადასხვა ფოტოები და განათავსეს სოციალურ ქსელში.”
ღონისძიებაზე, რომელსაც აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკითხვას უწოდებს, დაიბარეს ვიდეოში მონაწილე გოგონას მამაც.
როგორც აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, მოქალაქეების მხრიდან მიიღეს არაერთი საჩივარი აღნიშნულ ვიდეოებთან დაკავშირებით.
გუშინ, 29 მარტს დე ფაქტო უწყებამ გაავრცელა ვიდეო, სადაც “ბრალდებული” გოგონა ბოდიშს უხდის საზოგადოებას მომხდარის გამო.