ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აფხაზური მხარე თბილისს კორონავირუსის ვაქცინაზე უარს ეუბნება

30 მარტი, 2021 • 914
აფხაზური მხარე თბილისს კორონავირუსის ვაქცინაზე უარს ეუბნება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია მორიგ პიარ-კამპანიად აფასებს საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას აფხაზებისა და ოსების კორონავირუსის ვაქცინაციის მზაობასთან დაკავშირებით. ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

“საქართველოს და მისი ხელისუფლების დახმარებას არ ვსაჭიროებთ. სოხუმი არ აპირებს ქართული მხარის შემოთავაზების განხილვას. ჩვენ არ შემოვიტანთ სხვა ქვეყნებში შემუშავებულ ვაქცინებს. მოსახლეობის ვაქცინაციის საკითხში დახმარებას გვიწევს ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი რუსეთის ფედერაცია. აფხაზეთში მალე დაიწყება მოსახლეობის ვაქცინაცია რუსი მეცნიერების მიერ შემუშავებული ერთ-ერთი პრეპარატით, რომლის ეფექტურობაც პრაქტიკაშია დადასტურებული”, – აცხადებენ დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ქართული მხარის განცხადებით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მედიცინის მუშაკებსა და შესაბამის ასაკობრივ ჯგუფებს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა შეეძლებათ.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჯერ კიდევ არ დაწყებულა მოსახლეობის მასობრივი ვაქცინაციის პროცესი. მიუხედავად ამისა, ადგილზე განთავსებული რუსული სამხედრო ბაზების პერსონალი უკვე აიცრა სპუტნიკ V-ის ვაქცინით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი