ახალი ამბები

აშშ-მა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება სანქციების დაწესებაზე მინიშნებით – კელი და კრამერი

29 მარტი, 2021 • 1271
აშშ-მა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება სანქციების დაწესებაზე მინიშნებით – კელი და კრამერი

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში, იან კელი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი ერთობლივ სტატიაში წერენ, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად ევროკავშირისეული მცდელობა აშშ-მა უნდა გააძლიეროს და საამისოდ ერთ-ერთ გზად ასახელებენ „სანქციების დაწესებაზე მინიშნებას“.

ამერიკულ გამოცემა Bulwark-ზე 29 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში კელი და კრამერი მიმოიხილავენ საქართველოს როლს აშშ-სათვის და ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს, ოპოზიციის ბოიკოტს, ნიკა მელიას დაკავებას და ამ პროცესების გარშემო არსებულ ბრალდებებს, ასევე, ბოლო პერიოდში ევროკავშირის მედიაციის მცდელობას და ა.შ.

ავტორები ამის შემდეგ განმარტავენ, თუ, მათი ხედვით, როგორ უნდა უპასუხოს აშშ-მა ქვეყანაში არსებულ კრიზისს:

„ევროკავშირის კეთილშობილური, მაგრამ ჯერჯერობით წარუმატებელი მცდელობა, ამ სიტუაციაში მედიაცია გასწიოს, შეერთებული შტატებისგან გაძლიერებას საჭიროებს. შეერთებულ შტატებს აქვს დიდი ინტერესი, საქართველომ შეასრულოს თავისი სუვერენული არჩევანი, შეუერთდეს დასავლეთს და იარსებოს, როგორც სტაბილურმა დემოკრატიამ აღმოსავლეთ-დასავლეთის კრიტიკულ სავაჭრო და ენერგეტიკულ დერეფანში.

მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია არაერთი, სხვადასხვა ტიპის საშინაო და საგარეო პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დგას, შეერთებულმა შტატებმა უნდა წაახალისოს კრიზისის მოგვარება და გამოიყენოს თავისი მნიშვნელოვანი გავლენა — მათ შორის მიანიშნოს სანქციების დაწესებაზე იმ ადამიანებისთვის, ვინც პასუხისმგებელია ქვეყნის [კრიზისის] ზღვარზე მიყვანაზე.

ამისათვის საჭიროა, სახელმწიფო დეპარტამენტში გუნდის სრული შემადგენლობა დამტკიცდეს, — ამჟამად კი იქ მხოლოდ სამი ოფიციალური პირია დამტკიცებული და პრეზიდენტს ჯერ კიდევ არ დაუსახელებია ასისტენტი.

თუმცა ამ პოზიციების შევსებას დრო დასჭირდება, ამიტომაც, ამ შუალედში, კონგრესის არაერთმა წამყვანმა წევრმა, ორპარტიულ საფუძველზე, უნდა დაგეგმოს ვიზიტი თბილისში და შეასრულონ დროებითი სპეციალური დესპანების მოვალეობა.

2004 წელს სენატორი რიჩარდ ლუგარი გაემგზავრა კიევში, რათა უკრაინას დახმარებოდა ქვეყნისთვის იმ საშიში ჩიხიდან გამოსვლაში. საქართველოს მსგავსი რამ სჭირდება. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ბოლო მოსმენა კონგრესის უფრო აქტიური როლის გამოვლენის საწყისი ეტაპი იყო.

ისინი, ვინც საქართველოში არასტაბილურობითა და ქაოსით რამეს იგებენ, კრემლში სხედან. ამის გააზრებაც კი გამაფრთხილებელი ნიშანი უნდა იყოს ყველასთვის საქართველოში და საქართველოს მეგობრებისთვის დასავლეთში, — რომ ნიკა მელია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, რის შემდეგაც ყველა მხარემ კეთილსინდისიერად უნდა იმუშაოს კომპრომისისთვის, პარლამენტში მრავალპარტიული წარმომადგენლობის საფუძველზე. შეერთებულ შტატებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია, მაგრამ საამისოდ სწრაფად მოქმედებაა საჭირო“.

მასალების გადაბეჭდვის წესი