ახალი ამბები

გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

29 მარტი, 2021 •
გოგი წულაია ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული პოლიტიკოსი გოგი წულაია, რომელიც ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია, ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ნეტგაზეთს მისი ადვოკატი, ვალერი გელბახიანი უყვება, წულაიამ ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად დაიკლო წონაში და მას უჭირს გადაადგილება.

„მოძრაობისას წაიქცა, გონება დაკარგა. უკვე ნიშნები აქვს იმის, რომ მოძრაობაც არ შეუძლია. ვინაიდან თითებმაც გაშავება დაუწყო, სამედიცინო პერსონალმა საჭიროდ ჩათვალა მისი საავადმყოფოში გადაყვანა“, – განმარტავს გელბახიანი და ამატებს, რომ დღეს ბრალდებულთან ციხეში შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი. მისი თქმით, სწორედ ამ დროს გახდა წულაია ცუდად.

გელბახიანი გვიყვება, რომ დანიშნულია კვლევები და ხვალ ან ზეგ დიაგნოზი ცნობილი გახდება.


წულაია რამდენიმე დღის წინ ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას გულისხმობს, ჩადენილი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დამტკიცების შემთხვევაში ბრალდება ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მოქალაქე ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ მასზე პოლიტიკოსმა გოგი წულაიამ იძალადა. დვალიშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თვის მიცემულ ინტერვიუში აღწერს, რომ შემთხვევის დროს წულაია არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„წლების მეგობრები ვართ, მეტი თუ არაფერი, მამამჩემისხელა კაცია.. არც მიფიქრია არაფერი ზედმეტი. დალია, ცოტა მოწია კიდეც და გადმოვიდა ძალადობაზე. მერე თავს ვუშველე. დალურჯებული მაქვს ხელები, წელი, ყველაფერი.. სადაც მოახერხა მოწვდომა, ყველაფერი. ვფიქრობ, ეს ერთადერთი შემთხვევა არ იქნებოდა… სადაც მე გამიბედა ამდენი, დარმწუნებული ვარ, სხვა ქალების მიმართაც ექნებოდა სექსუალური ძალადობა.. არავინ გამიბედოს და მითხრას, დაინდეო. არცერთ მოძალადე კაცს არ დავინდობ“, – აცხადებს ის.

“ერთი სიტყვაც არ დაგისველებიათ ჩემ მხარდასაჭერად” — წულაია ოპოზიციას

მასალების გადაბეჭდვის წესი