პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღარიბაშვილმა დანიელსონთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ხელისუფლება კვლავაც მზად არის კონსტრუქციული პოლიტიკური დიალოგისა და შესაბამისი შეთანხმების მოკლე ვადაში მიღწევისთვის
“ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზაობას, გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება; ჩვენ ვიქნებით შედეგზე ორიენტირებული მხარე, რომელიც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებს”,- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი აფასებს ევროკავშირის მედიაციას, რომელიც ორიენტირებულია ვითარების დეესკალაციასა და პოლიტიკური პროცესის ნორმალურ რეჟიმში წარმართვაზე.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და კრისტიან დანიელსონმა განიხილეს ის საკითხები, რომლებთან დაკავშირებითაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს. მათივე ცნობით, ხაზი გაესვა სამართლის უზენაესობისა და დემოკრატიული ინსტიტუტების პატივისცემის მნიშვნელობას, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთო/ოდირის შეფასებას, რომლის თანახმად, “საპარლამენტო არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი”.
“შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, ყველა მხარემ იხელმძღვანელოს ქართველი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით და გადადგას ნაბიჯები კომპრომისული გადაწყვეტილებისკენ, რაც მიმართული იქნება პოლიტიკური პროცესის პარლამენტში გადატანაზე.
პრემიერმა კრისტიან დანიელსონს და პრეზიდენტ შარლ მიშელს პოლიტიკური დიალოგის მედიაციისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოსადმი ევროკავშირის დიდ ინტერესს, რაც პროცესის ყველა აქტორს დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს”, — ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. გუშინ, 28 მარტს მან შეხვედრები გამართა საქართველოში ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებთან, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
დღეს, 29 მარტს, დანიელსონი ასევე შეხვდება საქართელოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსაც. დღესვე დანიელსონი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაიწყებს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.