ახალი ამბები

კორონავირუსზე დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე ვაქცინაცია აღმოჩნდა — GRASS

26 მარტი, 2021 •
კორონავირუსზე დეზინფორმაციის მთავარი სამიზნე ვაქცინაცია აღმოჩნდა — GRASS

საქართველოს რეფორმების ასოციაციამ” (GRASS) პრორუსული და ანტიდასავლური დეზინფორმაციის შესახებ წლიური ანგარიში “დეზინფომეტრი 2020″ წარმოადგინა. 

დეზინფომეტრი 2020“ GRASS-ის მიერ წლის მანძილზე გამოცემულ 5 ორთვიან ანგარიშს ეყრდნობა. წლიური ანგარიშის ფარგლებში საქართველოს რეფორმების ასოციაციის გუნდმა სხვადასხვა მედიაპლატფორმის, Facebook გვერდის თუ ანტიდასავლური პოლიტიკური პარტიის გავრცელებული მასალების მონიტორინგი განახორციელა. ჯამში, გაანალიზდა 3000-ზე მეტი მედიაპროდუქტი და ამ ჯგუფების მიერ გავრცელებული ანტიდასავლური და პრორუსული პროპაგანდა გადანაწილდა 8 ძირითადი მიმართულებით: რუსეთის მხარდამჭერი, ევროკავშირის, ნატოს, აშშის წინააღმდეგ მიმართული, ანტითურქული, კორონავირუსთან დაკავშირებული, ასევე, პროპაგანდა ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე და საერთაშორისო საკითხებზე.

ტოპ 10 დეზინფორმაციული წყარო GRASS-ის ანგარიშის თანახმად:

ანგარიშის თანახმად. 2020 წლის განმავლობაში ანტიდასავლური და პრორუსული აქტორები ყველაზე მეტად აქტიურობდნენ გაზაფხულზე, კორონავირუსის პანდემიის დასაწყისში, და ოქტომბერში, საქართველოს საპარლამენტო არჩევნების წინ. ანტიდასავლური თუ პრორუსული დეზინფორმაციის ტრადიციული ნარატივების ფონზე, კორონავირუსის საკითხმა თითქმის მთლიანად მოიცვა საინფორმაციო სივრცე, მათ შორის დეზინფორმაციული ეკოსისტემები.

“დეზინფომეტრის” თანახმად, კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის გავრცელებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი როგორც ტრადიციული და ონლაინ მედიები, ასევე, სოციალური ქსელების ანგარიშები (გვერდები, ჯგუფები და ინდივიდუალური პროფილები), ცნობილი ადამიანები (ე.წ. ინფლუენსერები), სასულიერო პირები და თავად
ექიმებიც კი.

“პანდემიის საწყის ეტაპზევე (მარტის თვეში) გაჩნდა შეთქმულების თეორიების გამავრცელებელი ჯგუფები, სადაც მომხმარებლების მასობრივი მობილიზება და მათი აზრით მანიპულირება ხდებოდა. მსგავსი ჯგუფებისა და ვირუსთან დაკავშირებული მცდარი და ხშირად ჯანმრთელობის რისკების შემცველი ინფორმაციის მზარდი გავრცელების გამო, Facebook-მა მკაცრი პოლიტიკა შეიმუშავა მსგავსი მასალის პლატფორმიდან წაშლის შესახებ, შესაბამისად, რამდენიმე მსგავსი ჯგუფი (Stop 5G Georgia!!!, არა კორონა აფიორას!) Facebook-მა საქართველოშიც წაშალა, თუმცა ამ ჯგუფების ადმინისტრატორები შეცვლილი სახელწოდებებით ქმნიდნენ იმავე შინაარსის ახალ ჯგუფებს და თავიდან ახდენდნენ მომხმარებლების მობილიზაციას. ამას გარდა, გამოჩნდნენ ახალი ტიპის ე.წ. „კორონაინფლუენსერები“ (კობა კუპრაშვილი, შორენა შანიძე, ნონა აღდგომელაშვილი, ნინა მარჯი, სხვ.), რომლებმაც სოციალურ ქსელში სწორედ კორონავირუსის შესახებ შეთქმულების თეორიებისა და ყალბი ინფორმაციის გავრცელებით მოიპოვეს პოპულარობა”, – ნათქვამია ანგარიშში.

GRASS აღნიშნავს, რომ თუ თავდაპირველად მსგავსი აქტორები ეჭვქვეშ აყენებდნენ თავად ვირუსის არსებობის ფაქტს ან მას ნაკლებად საშიშ გრიპის ვირუსად წარმოაჩენდნენ, მოგვიანებით, საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესების კვალდაკვალ, ეს ნარატივი ვაქცინების საწინააღმდეგო ნარატივით ჩანაცვლდა, რაც
თავის მხრივ, მსოფლიოში ვაქცინების დამტკიცების პერიოდსაც დაემთხვა.

“კოორნავირუსის გავრცელების საწყის ეტაპზე ვრცელდებოდა დეზინფორმაციები მისი ხელოვნური წარმოშობის შესახებ. დეზინფორმაციული აქტორები ამტკიცებდნენ, რომ ვირუსი SARS-CoV-2 ლაბორატორიაში შექმნილ ბიოლოგიურ იარაღს წარმოადგენდა და ის ამერიკელებმა ჩინეთის წინააღმდეგ სავაჭრო-ეკონომიკურ ომში გამარჯვების მისაღწევად შექმნეს. პრორუსული გამოცემები, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერზე დაყრდნობით, ავრცელებდნენ დაუსაბუთებელ ბრალდებას, თითქოს ამერიკელმა ჯარისკაცებმა კორონავირუსი ჩინეთში 2019 წლის ოქტომბერში, უჰანში გამართული წვრთნების დროს ჩაიტანეს. რუსულ წყაროებზე დაყრდნობით, საქართველოში ვრცელდებოდა კიდევ ერთი ყალბი ვერსია, რომ კორონავირუსი ამერიკელების მიერ მექსიკის
ყურეში ჩაღვრილი ნავთობის გასაწმენდად ლაბორატორიაში შექმნილი ხელოვნური ბაქტერიის – „სინტიას“ ადამიანების ორგანიზმში მოხვედრის შედეგად მუტირებული ვირუსია”, – ნათქვამია ანგარიშში.

2020 წლის განმავლობაში კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ვაქცინაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები აღმოჩნდა. მას შემდეგ, რაც რამდენიმე კომპანიამ დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური ცდების I ფაზა, ანგარიშის თანახმად, უკვე უშუალოდ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დაიწყო საინფორმაციო შეტევა, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. მაგალითად, მაისის დასაწყისში ინტერნეტში გავრცელდა ვიდეო მიხეილ ცაგარელის მონაწილეობით, სადაც იგი ბილ გეითსის და მასთან დაკავშირებული ჯგუფების მსოფლიო მოსახლეობის 1 მილიარდამდე შემცირების გეგმებზე საუბრობდა და ამ პროცესის მთავარ იარაღად სწორედ კორონავირუსის წინაღმდეგ შემოღებულ სამომავლო ვაქცინაციას განიხილავდა.

“ზაფხულის თვეებში, როდესაც საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შედარებით სტაბილური იყო, პრორუსული წყაროები ძირითადად რუსული ვაქცინის პროპაგანდირებით შემოიფარგლებოდნენ. მას შემდეგ, რაც Pfizer-მა და Moderna-მ, ივლისსა და აგვისტოში, ვაქცინის კლინიკური ტესტირების I/II ფაზის შედეგები გამოაქვეყნეს, პრორუსული დეზინფორმაციული მანქანა რუსული ვაქცინის უპირატესობებისა და ეფექტიანობის წარმოჩენას ცდილობდა”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარიშში საუბარია, რომ ანტივაქსერები ცდილობდნენ საზოგადოება დაერწმუნებინათ ვაქცინების შესაძლო ნეგატიურ ეფექტსა (თითქოს აუტიზმს, დამბლას და ადამიანის დნმ-ის ცვლილებას იწვევს) და ამ პროცესის უკან მდგარი ჯგუფების სხვადასხვა აბსურდული მოტივის არსებობაში, კერძოდ, ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსი დადგმული აფიორა, ხოლო მის წინააღმდეგ შემოთავაზებული ვაქცინები მოსახლეობის „დაჩიპვის“ და მათი კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს. ინტერნეტში ვრცელდებოდა ყალბი სურათები ვაქცინის შედეგად დაზიანებული ადამიანების ორგანოების თაობაზე.

დეზინფორმაციული აქტორების სამიზნეში, კორონავირუსის კონტექსტში, ლუგარის ლაბორატორიაც მოექცა. ანგარიშის თანახმად, პრორუსული გამოცემები ამტკიცებდნენ, რომ ლუგარის ლაბორატორიაში კორონავირუსზე ცდები წლების განმავლობაში მიმდინარეობდა.

კორონავირუსთან დაკავშირებული დეზინფორმაციის პარალელურად, ვრცელდებოდა ყალბი სამედიცინო რჩევები. გავრცელებული ყალბი სამედიცინო რჩევების შორის აღსანიშნავია: ცხელი წყლის ან ალკოჰოლის ხშირი მიღება გვიცავს კორონავირუსით ინფიცირებისგან, წყალში გაზავებული „პერეკისი“ (წყალბადის ზეჟანგი) სწრაფად და მარტივად დაგვეხმარება კორონავირუსის დამარცხებაში, ლიმონი, ძმრიანი წყალი, აბზინდა ან ნიორი კურნავს კორონავირუსს და ა.შ.

საქართველოს რეფორმების ასოციაციის” კვლევა სრულად იხილეთ ბმულზე:

https://grass.org.ge/uploads/other/2021-03-26/888.pdf

 

მასალების გადაბეჭდვის წესი