ახალი ამბები

ვაშლიჯვარში ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუ იარსებებს, შესაბამისად ვიმოქმედებთ — ბენდელიანი

26 მარტი, 2021 •
ვაშლიჯვარში ევაკუაციის საჭიროება არ არის, თუ იარსებებს, შესაბამისად ვიმოქმედებთ — ბენდელიანი

თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა მედიასთან გამართულ ბრიფინგზე დღეს განაცხადა, რომ არსებობს  პირველადი გეგმა, რომლის მიხედვითაც მერია იწყებს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელებას.

“პირველ რიგში, ჩვენი ამოცანაა, უსაფრხოებიდან გამომდინარე, ფერდს მაჭავარიანის ქუჩის ზედა ნაწილში, სადაც მეწყერი პროგრესირებს, დავუბრუნოთ ბუნებრივი მდგომარეობა, გავაკეთოთ დროებითი წინაღობა, რათა მეწყრის მოძრაობა შევამციროთ.

ასევე, მომავალი კვირის ბოლოს დამონტაჟდება უახლესი მონიტორინგის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს დამატებითი ინფორმაციის მოწოდებას, ამის შემდეგ შეგვეძლება დავიწყოთ მეწყერული ფერდის გამაგრებითი სამუშაოები.

რაც შეეხება მოსახლეობის უსაფრთხოებას, ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ეს საფრთხე იარსებებს, დაუყოვნებლივ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას”, – განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მერიას აქვს მუდმივი კავშირი ადგილობრივ მოსახლეობასთან. “ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია მოსახლეობასთან და მათ აქვთ ყველანაირი ინფორმაცია არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით”, – უთხრა მან ჟურნალისტებს.

ბენდელიანის განმარტებით, უშუალოდ მეწყრულ ზონაში სამუშაების ჩატარება “მეწყრის ბუნებრივ მდგომარეობაში მოყვანისა და წინაღობის შექმნის შემდეგ” იქნება შესაძლებელი.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა ევაკუაციის გეგმა, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ ასეთი გეგმა არსებობს, თუმცა მისი გამოყენების აუცილებლობა ჯერ არ არსებობს. “ჩვენ ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად ვართ”, – განაცხადა მან.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი