ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის დაგეგმილ მეორე ვიზიტს ეხმაურება “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.
ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, “ქვეყანა უმძიმეს კრიზისშია, ეკონომიკა პრაქტიკულად განადგურებულია, ინვესტიციები აღარ შემოდის, არავინ რისკავს აქ ფულის ჩადებას, ამას ემატება კოვიდ-პანდემია და რეგიონში გაუარესებული გეოპოლიტიკური ვითარება. ამ ფონზე მთავრობა მილიარდობით ახალი ვალის აღებით, ტყუილებზე დაფუძნებული პროპაგანდითა და ძალოვანი / უშიშროების სტრუქტურების გამოყენებით ახერხებს ძალაუფლების შენარჩუნებას’.
პოლიტიკურმა კრიზისმა, რომელიც დასრულების ნაცვლად გაღრმავდა 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, კატასტროფულ მასშტაბს მიაღწია ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრების, დე ფაქტო ხელისუფლებაში მყოფი პარტიის თავმჯდომარის პოლიტიკიდან წასვლაზე განაცხადისა და დე ფაქტო პრემიერის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ. ნებისმიერ დემოკრატიაზე პრეტენზიის მქონე ქვეყანაში, ასეთ ვითარებაში, კრიზისის განმუხტვისთვის არსებობს მხოლოდ ერთი გზა – ხელახალი არჩევნები. მაგრამ ქართული ოცნება აცხადებს, რომ ახალი არჩევნები მათთვის წითელი ხაზია. სინამდვილეში არანაირი წითელი ხაზი ვადამდელი არჩევნები არ არის. წითელი ხაზი ოცნებისთვის ძალაუფლების დაკარგვაა. მათ წესიერი არჩევნების გზით ძალაუფლების დაკარგვის ეშინიათ და არა, ზოგადად, არჩევნების. ეგაა წითელი ხაზი და თავს ნურავინ მოიტყუებს”, – აცხადებს ჯაფარიძე.
მისივე თქმით, “ამ ფონზე დასვლელმა მეგობრებმა, ზემოთ აღწერილი არაერთი მძიმე გამოწვევის გათვალისწინებით, გადაწყვიტეს ჩვენი დახმარება და დეფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მომრიგებლის როლის საკუთარ თავზე აღება.
“ამისთვის მათ მხოლოდ მადლობა ეკუთვნით, განსაკუთრებით ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს. მოლაპარაკების რაუნდებმა პრაქტიკულად უშედეგოდ ჩაიარა და ახლა ყველა ველით ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, ბ-ნი დანიელსონის მეორე ვიზიტს იმის იმედით, რომ ახლა მაინც მოხდება რაიმე შეთანხმების მიღწევა და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა. თუმცა ამ მომეტისთვის სრულიად გაუგებარია, რა შეიძლება მოხდეს მეორე ვიზიტის დროს ისეთი, რაც კარდინალურად შეცვლის მოლაპარაკებების დინამიკას და მიგვიყვანს შეთანხმებამდე. ამიტომ, გადავწყვიტე, საჯაროდ დავწერო, რას ველოდები მე ამ ვიზიტისგან და რაში მგონია გამოსავალი. ჩემი აზრით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებული ხუთი პუნქტი ზუსტად აჩვენებს, სად აქვს ქვეყანას ისეთი ტიპის ჩავარდნები, რომელთა მოგვარების გარეშეც საუბარი სხვა ტიპის პრობლემების მოგვარებაზე და საგარეო გამოწვევების გამკლავებაზე, უბრალოდ, აზრს მოკლებულია”, – აცხადებს ჯაფარიძე და დასძენს, რომ:
ა) პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, რადგან მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. შესაბამისად, პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
ბ) სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, არ უნდა იმართებოდეს ერთი ადამიანისადმი ან ერთი პარტიისადმი ლოიალური კლანის მიერ, რადგან ასეთი სასამართლოს არსებობა შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
გ) ძალაუფლება უნდა იყოს გადანაწილებული და ოპოზიცია აღჭურვილი უნდა იყოს პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად საჭირო რეალური ბერკეტებით, რადგან ერთი ადამიანის ან ერთი პარტიის ხელში კონცენტრირებული სრული ძალაუფლება შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
დ) ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რადგან ვითარება, როდესაც ამომრჩევლების ნახევრის მიერ არჩეული არცერთი პარტია და პარტიული ლიდერი არ ცნობს არჩევნების შედეგებს და არ ენდობა საარჩევნო ადმინისტრაციას ან სასამართლოს, შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან. არჩევნები უნდა ტარდებოდეს სრულად პროპორციული, ბუნებრივ ბარიერიანი სისტემით, რადგან ეს არის ერთადერთი წამალი როგორც დღეს არსებული პოლარიზაციის, ისე ათწლეულობით მოუშორებელი ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობის.
ე) ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს საკმარისი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ ქვეყნის ასეთ ვითარებმდე მიყვანის შემთხვევაში, და ყველა სხვა გამოწვევების გათვალისწინებით, დანიშნოს ვადამდელი არჩევნები, რადგან სხვაგვარად იქცევიან ავტოკრატიული მმართველები და ეს შეუთავსებელია დასავლურ-ევროპულ ღირებულებებთან.
“მე ველოდები, რომ ეს იქნება ბ-ნი დანიელსონის გზავნილები მეორე ვიზიტის დროს. მეტიც, მე ველოდები, რომ ეს ან მსგავსი იქნება ყველა ჩვენი დასავლელი მეგობრის გზავნილი. ეს არის ერთადერთი გამოსავალი შექმნილ რეალობაში, რადგან ეს არის სიმართლე. ამ სიმართლის შელამაზების და შერბილების ნებისმიერი მცდელობა ისეთი გზავნილებით, როგორებიცაა – ‘ორივე მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა შექმნილ სიტაუაციაზე’, ან ‘ორივე მხარემ უნდა იპოვოს ძალა, რომ გადალახოს უთანხმოებები და იპოვოს კომპრომისი’, განწირულია წარუმატებლობისთვის. იმიტომ, რომ სიმართლე არაა. ივანიშვილის და ქართული ოცნების მმართველობის 8 წლის შემდეგ, მე არ მესმის, სად არის ჩემი პასუხისმგებლობა იმაში, რომ: ა) ქვეყანაში პოლიტიკურად დევნიან ოპონენტებს. ბ) სასამართლო პოლიტიზებულია და იმართება კლანის მიერ. გ) საარჩევნო სისტემა და საარჩევნო ადმინისტრაცია მორგებულია მმართველი პარტიის ინტერესებზე. დ) ძალაუფლების ყველა წერტილს აკონტროლებს ერთი ადამიანი, რომელსაც არ უკავია რაიმე ფორმალური თანამდებობა. ე) პოლიტიკურ ველზე უკიდურესი პოლარიზაციაა, რომლის მთავარი შემოქმედიც ქართული ოცნებაა, რომელმაც 8 წელი მხოლოდ ზიზღის პროპაგანდაზე დახარჯა და ყველა არჩევნებზე ბრძოლის სტრატეგიად სწორედ ‘შუის გაკრეფის’ სტრატეგია აირჩია. ისევე როგორც არ მესმის, რა შეიძლება იყოს კომპრომისის საგანი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ დატოვებულ პუნქტებთან მიმართებაში, გარდა ტექნიკური დეტალებისა. დავუტოვო სასამართლოზე კონტროლის ნაწილი ივანიშვილს? ცოტათი უსამართლო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა მივცე, რომ ოცნებამ გაიხანგძლივოს ხელისუფლებაში ყოფნა? ძალაუფლების ყველა ბერკეტი ისევ ივანიშვილს დარჩეს და სიმბოლურ დათმობებს დავთანხმდე? ამ ყველაფერზე თვალი დავხუჭო და შევეგუო ივანიშვილის მმართველობას შემდეგი 4 წლის განმავლობაში? შეუძლებელია ეს. მეტიც, ამის გაკეთება ნიშნავს უპასუხისმგებლობას, პრობლემებზე თვალის დახუჭვას და კრიზისის დროში კიდევ უფრო გაწელვას. ეს უნდა გაიაზრონ ჩვენმა დასავლელმა მეგობრებმა და, შესაბამისად, შეცვალონ მიდგომა მოლაპარაკების პროცესისადმი. ნაცვლად იმისა, რომ დე ფაქტო ხელისუფლებასა და ოპოზიციას ერთნაირად მოუწოდებდნენ კომპრომისებისა და შეთანხმებისკენ, ივანიშვილს და ქართულ ოცნებას უნდა უთხრან გასაგებად, ერთმნიშვნელოვნად და საჯაროდ: ა) ის, რომ მთელი ძალაუფლება ერთი ადამიანის და პარტიის ხელშია, სასამართლო პოლიტიზებულია, ქვეყანაში პოლიტიკური დევნაა და არჩევნებისადმი ნდობა არ არსებობს – თქვენი პასუხისმგებლობაა ბ) ჩვენთან თუ გინდათ, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ეს ყველაფერი უნდა შეცვალოთ დღესვე (არა ზეგ და 7 წელში), იმიტომ, რომ ჩვენთან, დასავლეთში ასეა მხოლოდ. ეს შეილება იყოს შარლ მიშელის 5 პუნქტის შინაარსი და მხოლოდ ასეთი მიდგომით ჩვენი მეგობრების მხრიდან არის შესაძლებელი იმ პუნქტებზე შეთანხმება და ამას ველოდები ბ-ნი დანიელსონის ვიზიტისგან”, – აცხადებს ჯაფარიძე.