ახალი ამბებიკომენტარი

როგორ აიცრან კოვიდზე ალერგიული ადამიანები — ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

26 მარტი, 2021 •
როგორ აიცრან კოვიდზე ალერგიული ადამიანები — ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

ანაფილაქსია იშვიათი, მწვავე ალერგიული რეაქციაა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, წლის განმავლობაში საქართველოში ანაფილაქსიის 60-დან 80-მდე შემთხვევა ფიქსირდება. მიუხედავად იმისა, რომ ანაფილაქსიის მაპროვოცირებელი შეიძლება გახდეს ნებისმიერ ალერგენთან კონტაქტი, მაგალითად, მწერების ნაკბენი, გარკვეული საკვები და მედიკამენტები და ანაფილაქსიის განვითარება არ ნიშნავს ამა თუ იმ მედიკამენტის ან ვაქცინის უხარისხობას, ახალგაზრდა მედდის გარდაცვალებამ, სავარუდოდ, ანაფილაქსიური შოკით, საზოგადოების ნაწილში კორონავირუსის ვაქცინის მიმართ შიში გააღრმავა.

რა უნდა იცოდნენ ალერგიულმა ადამიანებმა კორონავირუსზე აცრამდე? სჭირდებათ თუ არა წინასწარი გამოკვლევა ან ვაქცინაციის გადავადება ალერგიული ფონის დროს? — ალერგიული ადამიანების ვაქცინაციასთან დაკავშირებით “ნეტგაზეთი” ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა. 

— ექიმი კორონავირუსზე აცრამდე ყველა ადამიანს კითხვარს უვსებს. რა საკვირველია, ამ “ჩექლისტში” ერთ-ერთი კითხვა არის ალერგიასთან დაკავშირებით. პასუხის მიხედვით, თუ ადამიანს აქვს მსუბუქი ფორმით გამოხატული ალერგია, — სეზონური ალერგია, კვებითი ან თუნდაც წამალზე ალერგია, — მხოლოდ გამონაყარი აქვს და ა.შ., ანუ კი აქვს ალერგია, მაგრამ მსუბუქ ფორმაში, ასეთი ადამიანი აუცილებლად უნდა აიცრას, ოღონდ ნახევარი საათი უფრო მეტი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

მეორე კატეგორიაა, თუ ადამიანს განსაკუთრებით მედიკამენტებზე ან სხვა ვაქცინებზე და შრატებზე ჰქონია ალერგიული რეაქცია ან ანაფილაქსია, მაშინ მიუხედავად იმისა, რა დროც არ უნდა იყოს გასული, ის ჯერ უნდა მივიდეს ალერგოლოგთან, — ეს უფრო სიფრთხილის ზომაა, — ალერგოლოგი შეაფასებს მდგომარეობას, გამოუწერს წამლებს და ამ წამლების ფონზე აიცრება. ვაქცინაცია არ ეკრძალება, ოღონდ ექიმმა უნდა ნახოს.

დაბოლოს, თუ ადამიანს ვაქცინის პირველ დოზაზე დაემართება ალერგია, მეორე დოზა ვერ უკეთდება.

— მედიკამენტებზე ალერგიის გამოცდილების მქონე ადამიანებს უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ, ვიდრე სხვა ტიპის ალერგიის მქონე პირებს?

ერთნაირი სიფრთხილეა საჭირო, არა აქვს მნიშვნელობა, რა სახეობით იყო განპირობებული ალერგია, ალერგიული რეაქციის ხარისხი განსაზღვრავს, იქვე ვცრით, თუ ვაგზავნით ექიმთან. მსუბუქს ვცრით, თუ ადამიანს წარსულში ჰქონდა მძიმე ფორმით გამოვლენილი ალერგია, ჯერ კონსულტაციას გადის ალერგოლოგთან.

— მძიმე ფორმად რა ითვლება, ანაფილაქსიის გარდა? 

— მძიმედ ითვლება მდგომარეობა, რომელმაც პაციენტი ჰოსპიტალში მოახვედრა… გადასხმა დასჭირდა და სახლში მკურნალობით ვერ მოგვარდა.

— ვაქცინის გაკეთებამდე წინასწარი გამოკვლევების ჩატარება რამდენად მიზანშეწონილია?

— თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს და პრაქტიკულად ჯანმრთელად ითვლება, იგი არავითარ წინასწარ კვლევას არ საჭიროებს. ეს ნონსენსია და მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ ხდება. მაგრამ თუ ადამიანს აქვს რამე ფონური დაავადება, არა აქვს მნიშვნელობა, ესაა დიაბეტი, პროთრომბინი აქვს, სისხლძარღვოვანი დაავადება თუ ალერგია, სჯობს [ვაქცინაციის საკითხი] მის ექიმთან იყოს გავლილი. მე, მაგალითად, ბევრი მწერს ამ დღეების განმავლობაში, რომ სეზონური ალერგია მაქვს. სეზონურ ალერგიაზე აუცილებლად ვურჩევ მედიკამენტებს, ან თუ უკვე იღებს ამ მედიკამენტებს, ვეუბნებით, არ შეწყვიტოთ და ალერგიული მედიკამენტების ფონზე აიცერით. ვიღაცას თუ აქვს სისხლძარღვოვანი პრობლემა, ექიმმა შეიძლება ურჩიოს სისხლის გამათხელებლის დალევა. ნებისმიერი მკურნალობის დროს, წნევის საწინააღმდეგო წამალი იქნება თუ ნებისმიერი პრეპარატი, აღარ ვამბობ ანტიალერგიულ მკურნალობაზე, ის გრძელდება და მხოლოდ ამის ფონზე ხორციელდება ვაქცინაცია.

ექიმისგან უკითხავად წინასწარ ანალიზები მოსახლეობამ არ უნდა გაიკეთოს.

— შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს, რომ ალერგიულია…

— ეს ანალიზებით წინასწარ მაინც არ ისაზღვრება. მაშინ 4 მილიონი ადამიანი ჯერ ალერგოლოგთან უნდა მივიდეს და ეს პროცესი რომ დამთავრდება 2030 წელს, მერე დავიწყოთ ვაქცინაცია. ასეთი რამე არ ხდება. ვინც იცის, იმაზეა ლაპარაკი.

– რომელი მედიკამენტების მიღების დროს არ არის მიზანშეწონილი ან სჯობს ვაქცინაციის გადადება?

— არ არსებობს ასეთი წამალი, თუ ეს არ არის ონკოპრეპარატი ან რამე მსგავსი, რომელიც ურთულებს პაციენტს მდგომარეობას, იმუნური სისტემა არის დაქვეითებული. თუ რამე იმუნოსუპრესიულ (იმუნიტეტის დამთრგუნველ) მედიკამენტს იღებს, მათ შორის, რევმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ, შესაძლებელია, სანამ მკურნალობიდან 2 კვირა არ გავა, [აცრის] გადავადება. ამ შემთხვევაში, როცა კურსი ჩამთავრდება და ორი კვირა გავა, მერე ხდება ამ ადამიანების აცრა.

— ალერგიული ადამიანებიც იღებენ იმუნოსუპრესიულ პრეპარატებს…

— ეს არის მძიმე ალერგიების დროს. ეს უიშვიეთესია ჩემს პრაქტიკაში, რომ ვინმე მუდმივად მედროლზე და პრედნიზოლონზე გვყავდეს. ერთი რამ მინდა ცალსახად განვმარტო, ჩამოთვლილი წამლები ვაქცინის წინაღობა კი არ არის და რამე პრობლემას შექმნის, უბრალოდ, იმუნოსუპრესიული წამლების ფონზე ვაქცინა ისეთ ეფექტს არ გამოავლენს, ანუ იმუნიტეტი არ ჩამოყალიბდება ისე მასშტაბურად კარგი. თორემ ვაქცინა რამე რეაქციას კი არ მისცემს ამ წამლების გამო, პირიქით, ამ წამლების ფონზე უფრო დუნედ მიდის და გვვერდითი ალერგიული რეაქციაც არ იქნება, მაგრამ სამაგიეროდ იმუნიტეტი არ ყალიბდება. ვთქვათ, თუ 90-95 პროცენტით უნდა დაიცვას “ფაიზერმა”, იმუნოსუპრესიული წამლების ფონზე შეიძლება დაცვა 75-80%-მდე შემცირედეს. ეს პირობითი რიცხვებია, ისე ვამბობ, რომ მიხვდეს ადმაიანი…

— გამომდინარე იქიდან, რომ იმუნოსუპრესიული პრეპარატები ამცირებს ალერგიულ ფონს, შეიძლება ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე მათი მიღების დაწყება ალერგიული რეაქციის და შესაძლო ანაფილაქსიური შოკის პრევენციისთვის?

— არ შეიძლება ამის მიღება. მარტო ანტიალერგიულ მედიკამენტებს, თუ პაციენტს სჭირდება სხვა ალერგიის საკონტროლოდ, ვნიშნავთ. სეზონური ალერგიის, ასთმის, ჭინჭრის ციების სამკურნალოდ ვაძლევთ ამ მედიკამენტებს, ოღონდ ამ ადამიანებსაც ვცრით.

– ვაქცინაციის წინა პერიოდში მიზანშეწონილია თუ არა თავშეკავება ალერგიული საკვების მიღებისგან, როგორიცაა კვერცხი, თხილი და ა.შ.

— ასეთი რეკომენდაცია არ არსებობს, მაგრამ თუ მიიღებენ ასეთ საკვებს და ალერგიული რეაქცია უცებ გაუმწვავდებათ, მწვავე დაავადების დროს დანიშნულ ვაქცინას არ გაუკეთებენ. ამიტომ უბრალოდ შეიძლება, ხელი შეეშალოს ვაქცინაციის გეგმურად მიღებას, თორემ რისკი არ გაეზრდებათ. თუ დღეს მივიღე დიდი რაოდენობით თაფლი ან თხილი, ეს არ ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე მომცემს ალერგიას, უბრალოდ, თავად ამ საკვებმა შეიძლება მომცეს რეაქცია, რის გამოც ვაქცინა ვერ გაკეთდება.

— მენსტრუაციის დროს ვაქცინის გაკეთება დასაშვებია?

— მენსტრუაცია ზოგადად არ ცვლის პროცესს, მაგრამ შესაძლებელია, ამ პერიოდში აქტიური ჰორმონალური ძვრების გამო ქალმა თავი შეიკავოს აცრის გაკეთებისგან და რამდენიმე დღით გადადოს. მენსტრუაციულ პერიოდში უფრო მეტად არის დამახასიათებელი კვინკეს შეშუპებების განვითარება. ჩვენ მოგვმართავენ პაციენტები კვინკეს შეშუპების დროს და გამოკითხვისას ვეკითხებით, ხომ არ არის მენსტრუაციული პერიოდი და პაციენტი მიდასტურებს. ეს თანხვედრა არის და ამის გამო სასურველია თავი შეიკავონ.

— რაც შეეხება ანაფილაქსიურ შოკს, როგორ შეიძლება მისგან თავდაცვა არა მხოლოდ კოვიდზე აცრის დროს, არამედ საყოფაცხოვრებო პირობებში, როდესაც ადამიანი არ იმყოფება ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ადრენალინის ავტოინექტორები კი საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის?

— ანაფილაქსიური შოკისგან წინასწარ დაცვა არ არსებობს. ეს არის არაპროგნოზირებად რეაქციათა კატეგორია, რომელიც ვლინდება 1 მილიონ ინექციიდან 5-8 შემთხვევაში. მთავარია, ანაფილაქსიური შოკის განვითარების შემთხვევაში სწორი, დროული და ადეკვატური დახმარების აღმოჩენა — კვალიფიციური ექიმის ყოფნა მათ გვერდით, რაც ვაქცინაციისას უზრუნველყოფილია. მულტიპროფილურ კლინიკაში ტარდება აცრა, რეანიმატოლოგიც იქ არის და საჭირო საშუალებებიც ადგილზეა.

სხვა შემთხვევაში, თუ ალერგიული მიდრეკილება აქვს ადამიანს, ყველა ოჯახშია დექსამეტაზონი და ანტიჰისტამინური წამლები და საჭიროა, სასწრაფოში დარეკვა. უცხოეთში ადრენალინის კალმისტრები აქვთ, ქუჩაში რომ დაემართოთ, თვითონ გაიკეთონ ინექცია. ერთხელ ვინც გადაიტანა ანაფილაქსიური რეაქცია, მხოლოდ იმათთვის არის ეს კალმისტრები რეკომენდებული. საქართველოში არ არის ეს კალმისტარი. ერთჯერადი ადრენალინის კალმსტრის ღირებულება არის დაახლოებით 90-დან 100 ევრო და ერთ წელიწადში ვადა გასდის. დაახლოებით 400 ლარი გადაიხადონ კალმისტარში, რომელიც ან დასჭირდებათ ან არა, არარენტაბელურია და ჩვენს ქვეყანაში ვერ დამკვიდრდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი