ახალი ამბები

ვენეციის კომისია: შეფასებისას, საბჭოს წევრების ვინაობა საჯარო უნდა იყოს

9 ოქტომბერი, 2020 •
ვენეციის კომისია: შეფასებისას, საბჭოს წევრების ვინაობა საჯარო უნდა იყოს

“ვენეციის კომისიამ” საერთო სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა. საქართველოს პარლამენტმა კანონპროექტზე მოსაზრების მომზადების თხოვნით კომისიას 22 სექტემბერს მიმართა, თუმცა პასუხს არ დაელოდა და 30 სექტემბერს პროექტი მესამე მოსმენით მიიღო, რაზეც ვენეციის კომისია წუხილს გამოთვამს.

“კანონპროექტი პირველი მოსმენით 16 სექტემბერს მიიღეს, მეორე მოსმენაზე კი 18 სექტემბერს გავიდა.
ვენეციის კომისიას საქართველოს პარლამენტმა 22 სექტემბერს მიმართა და კანონპროექტთან დაკავშირებით რეკომენდაციებისთვის დაჩქარებული მოსაზრება ითხოვა.

კომისიას სურდა დახმარებოდა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევი სისტემის რეფორმირებაში იმგვარად, რომ ის ევროპულ სტანდარტებთან ყოფილიყო თანხვედრაში. თუმცა გამომდინარე ექსტრემალურად მცირე დროიდან და დაგვიანებული მიმართვიდან, კომისია იძულებული გახდა, ანალიზი შეეზღუდა იქამდე, იყო თუ არა კანონპროეტი წინა რეკომენდაცაიებთან თანხვედრაში”,- წერია დოკუმენტში.

რაც შეეხება მის შინაარსობრივ ნაწილს, კომისია აღნიშნავს, რომ იმისათვის, რათა პარლამენტისთვის საუკეთესო კანიდატების წარდგენა მომხდარიყო, ვენეციის კომისიამ გასცა რეკომენდაცია ფარული კენჭისყრის გაუქმების შესახებ. ასევე მოუწოდა, გასაჯაროებულიყო ინფორმაცია კანდიდატების კვალიფიკაციის, შეფასების შესახებ, რაც დოკუმენტში გათვალისწინებულია.

კერძოდ, კანონპროექტი აუქმებს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანიული კანონის 34.7 მუხლს, რომელიც ხმის მიცემის ფარულობის წესს ადგენდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისას:

“უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სიტუაცია უჩვეულოა და მაღალი დონის გამჭვირვალობას საჭიროებს. ეს უკავშირდება იმას, რომ წარსულში იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჰქონდა სირთულეები, გაემყარებინა ნდობა ქართული სისტემის მიმართ. გამომდინარე აქედან, ვენეციის კომისია იწონებს დეტალურ სამუშაოს, რომელიც შეფასებისა და კენჭისყრის პროცესში ცვლილებების მხრივ გაიწია.

აღსანიშნავია, კენჭისყრის ფარულობის შესახებ ჩანაწერის ამოღება და ხმის მიცემის წერილობითი დასაბუთების ვალდებულების გაჩენა, რომელიც საჯარო იქნება. ეს ინფორმაცია ასევე უნდა გადაეგზავნოს პარლამენტს. ეს სძენს პროცედურას გამჭვირვალობის მნიშვნელოვან ხარიხს” ,- აცხადებს “ვენეციის კომისია”.

თუმცა,აქვე ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ შესაძლოა გაჩნდეს კითხვა, რა საჭიროა საბჭოს მიერ კანდიდატების კენჭისყრა, როდესაც შესაძლებელია მათი წერილობით და ქულებით შეფასება და რატომ ამ გზით არ ხდება საბოლოო კანდიდატების შერჩევა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ეს ქართველი კანონმდებლების არჩევანია.

ამასთან, კომისიის მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ვირტუალურ შეხვედრაზე ვენეციის კომისიის დელეგაციას აცნობეს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრებისთვის არ არის სავალდებულო, ხმები მინიჭებული ქულებისა და შეფასების მიხედვით მისცენ. კომისიის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს წევრები ვალდებული იქნებიან დაასაბუთონ შეცვლილი გადაწყვეტილება, ეს დამაფიქრებელია და შეუთავსებელია ხარისხზე დამყარებული შეფასების სისტემისთვის.

გარდა ამისა, კომისია აღნიშნავს, რომ რომ იუსტიციის უაღლესი საბჭოს წევრების ვინაობა არ გასაჯაროვდება და ამ ინფორმაციის გამჟღავნება კანონით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას გამოიწვევს (კომისიის ცნობით, მათ სამდივნოს ეცნობა, რომ თავდაპირველ ვერსიაში საუბარი იყო სისხლის სამართელბრივ პასუხისმგებლობაზე, თუმცა საბოლოო ვერსიაში ეს დაკონკრტებული აღარ არის).

დოკუმენტის მიხედვით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი გაასაჩივრებს საბჭოს გადაწყვეტილებას, უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატას, ასევე მომჩივარს, მიეწოდება აღნიშნული ინფორმაცია, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის ის ხელმისაწვდომი არ იქნება.

კომისიის მოსაზრებით, საბჭოს წევრების იდენტიფიცირება ხმის მიცემისას საჯარო კონტროლს უზრუნველყოფს, ამასთან, გააძლიერებს საზოგადოების ნდობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და  გამორიცხავს პოლიტიკურ ან სხვა სახის ფაქტორებს.

რაც უფრო მნიშვნელოვანია, კომისია აღნიშნავს, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობის შემოტანა ამგვარი ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ხელს შეუშლის იმგვარი მოვლენების გამოვლენას, როგორიცაა, საბჭოს წევრის მიერ მიკერძოებულ გადაწყვეტილების მიღება შერჩევის პროცესში, კანდიდატის მიმართ დისკრიმინაციული მიდგომის გამოვლენა, უფლებამოსილების გადამეტება და სხვა.

ვენეციის კომისია იძლევა რეკომენდაცას, რომ საბჭოს წევრების მიერ ხმის მიცემისა და დასაბუთების შესახებ ინფორმაცია, მათი იდენტიფიცირების პარალელურად გამოქვეყნდეს. 

ამასთან, კიდევ ერთი პრობელემა, ვენეციის კომისიის განცხადებით, იკვეთება გასაჩივრების მექანიზმში. კერძოდ, თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატა გადაწყვეტს უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გაუქმებას და დაბრუნების საკითხს საბჭოში, ის ხელახლა განიხილავს საკითხს კანდიდატის პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ და მიიღებს ახალ გადაწყვეტილებას, წარადგინოს კანდიდატი თუ არა. იუსტიციის უზენაესი საბჭოს მეორე გადაწყვეტილება კანდიდატისთვის უარის თქმის თაობაზე უზენაეს სასამართლოში ვეღარ გასაჩივრდება:

“ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს აძლევს შესაძლებლობას, გაიმეორეოს იგივე გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალაატამ დაბლოკა, რამდენადაც მეორედ გასაჩივრების შესაძლებლობა აღარ არის.

კომისია აღნიშნავს, რომ საბჭო იქნება უფლებამოსილი ,შეინარჩუნოს საკუთარი პირვანდელი გდაწყვეტილება იმ შემთხვევაშიც კი, თუ კანდიდატის მიმართ მიკერძოება ან დისკრიმინაცია გამოავლინა, საბჭოს წევრებმა გადააჭარბეს უფლებამოსილებას, ან შეფასება ცრუ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული. შესაბამისად, კომისია იძლევა რეკომენდაციას, რომ მეორე გადაწყვეტილების გასაჩივრების მექანიზმიც შეიქმნას”, – ნათქვამია დასკვნაში.

გარდა ამისა, იმისათვის, რომ ყველა კანდიდატი თანაბარ პირობებში იყოს, კომისია სტანდარტიზებული საჯარო ინტერვიუს ჩატარების რეკომენდაციას იძლევა.

რაც შეეხება კანდიდატების საბოლოო სიის კენჭისყრას, კომისია ყურადღებას ამახვილებს, რომ წარმოდგენილია მაღალი ბარიერი (საბჭოს წევრების 2/3). ამან შეიძლება გააჩინოს კომპრომისის საჭიროება დაბალი ქულების მქონე კანდიდატების შერჩევისას, რასაც შესაძლოა ნეგატიური ეფექტი ჰქონდეს სასამართლო სისტემის სანდოობაზე. კომისია კვლავ იმეორებს რეკომენდაციას, მხედვლობაში იქონიონ ჩიხური სიტუაციის თავიდან ასარიდებელი მექანიზმი.


კანონპროექტი, რომელთან დაკავშირებითაც პარლამენტმა მოსაზრების წარმოდგენა “ვენეციის კომისიას” სთხოვა, ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევისას დასაბუთებულობისა და გასაჩივრების პრინციპებს.

კანონპროექტის იმ რედაქციაში, რომელსაც პარლამენტმა მესამე მოსმენაზე დაუჭირა მხარი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების იდენტიფიცირებით, მოსამართლეების შეფასებაზე ინფორმაციის გასაჯაროებისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესების სტანდარტზე არაფერი იყო ნათქვამი, თუმცა 28 სექტემბერს, დოკუმენტის იურიდიულ საითხთა კომიტეტში განხილვაზე ანრი ოხანაშვილმა დაადასტურა, რომ ამ თემაზე დოკუმენტი ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი ჰქონდათ და დასკვნას პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენამდე ელოდებოდნენ.

გაგზავნილი დოკუმენტის მიხედვით, უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატების შეფასებისას, საბჭოს უჩნდება საკუთარი გადაწყვეტილების დასაბუთების ვალდებულება. ამასთან, აღნიშნული შეფასებები და დასაბუთებები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს, თუმცა, საბჭოს წევრის ვინაობის მითითების გარეშე, რომელსაც აღნიშნული შეფასება ეკუთვნის.

ამასთან, ცვლილებების მიხედვით, რომელიც “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში უნდა შესულიყო, იმ ინფორმაციის გასაჯაროება, თუ საბჭოს რომელ წევრს ეკუთვნის ეს შეფასება, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევდა.

ვინაიდან კანდიდატების შეფასების შესახებ აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის იქნება ცნობილი, აღნიშნული ნორმაც, სავარაუდოდ, მათზე უნდა გავრცელებულიყო.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კანონპროექტის უკან საკუთარ სახელს და გვარს ხედავდა და მის, როგორც საბჭოს ყველაზე აქტიური წევრის, გაჩუმებას ისახავდა მიზნად.

საბოლოოდ პარლამენტმა კანონპროექტი მესამე მოსმენით 30 სექტემბერს დაამტკიცა. თუმცა საბოლოო ვერსიაში არ არის სადავო ნორმა. ეს ნორმა ითვალისწინებდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას უფლებამოსილი პირების მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროების შემთხვევაში. კანონში აღნიშნული ჩანაწერი “კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობითაა” შეცვლილი.

ვრცლად ამ თემზე წაიკითხეთ “ნეტგაზეთის” სტატია, სადაც გაეცნობით აღნიშნულ თემაზე საბჭოს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების პოზიციებს:

მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს

მასალების გადაბეჭდვის წესი