პარტია “ლელო – საქართველოსთვის” თბილისსა და რეგიონებში გამოკითხვის ჩატარებას გეგმავს კითხვით “ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები?” და აღნიშნულ საკითხზე ხელმოწერებს აგროვებს.
პარტიამ სტენდი თბილისში, რუსთაველის მეტროს მიმდებარედ უკვე განათავსა. როგორც “ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, ქუჩის შტაბები თბილისის გარდა ყველა მუნიციპალიტეტში განთავსდება და მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა. ასევე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით შეგროვდება ხელმოწერებიც:
“ქვეყანა შესულია ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისში. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გამოვიდეთ და ვკითხოთ ხალხს, ანუ იმ ადამიანებს, ვისაც ეკუთვნის ძალაუფლება და ჩავატაროთ გამოკითხვა, შევაგროვოთ ხელმოწერები მთელი საქართველოს მასშტაბით.
ქუჩის შტაბები იქნება ყველგან, სხვადსხვა ქალაქებსა და რეგიონებში, რათა ხალხმა გამოხატოს თავისი ნება. გამოსავალი რიგგარეშე არჩევნებშია. ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ახალი კანონმდებლობით რიგგარეშე არჩევნების ჩატარება” ,- თქვა მამუკა ხაზარაძემ.