ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს, 25 მარტის 18:00 საათიდან მოქალაქეები შეძლებენ ჯანდაცვის სამინისტროს საიტზე რეგისტრაციის პერიოდში “ფაიზერასა” და “ასტრაზენეკას” შორის არჩევანი გაკეთონ. საქართველომ კოვაქს პლატფორმის მეშვეობით “ფაიზერის” ვაქცინის 29 250 დოზა დღეს მიიღო.
გაბუნიას თქმითვე, “ფაიზერის” აცრები საქართველოს სამ ქალაქში, ექვს კლინიკაში ჩატარდება. თბილისში შეირჩა ოთხი კლინიკა: ბოკერიას სახელობის საავადმყოფო, კავკასიის მედიცინის ცენტრი, “ამტელ” კლინიკა და რესპუბლიკური საავადმყოფო. აჭარაში “ფაიზერით” აცრა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდება, ხოლო ქუთაისში- ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში.
“უშუალოდ ვაქცინაცია სამშაბათი დღიდან დაიწყება, რადგან ამ კლინიკებში ამჟამად “ასტრაზენეკათი” ვაქცინაცია მიმდინარეობს. მოქალაქეები დარეგისტრირებულნი არიან და უკვე სრულად გადმოწყობა სამშაბათიდან მოხერხდება ამ 6 კლინიკაში “ფაიზერის” ვაქცინაზე. არჩევანი გაკეთდება რეგისტრაციის დაწყებამდე, რადგან შემდეგ უკვე როცა მოქალაქე არჩევანს გააკეთებს, ანუ აირჩევს “ასტრაზენეკას” ან “ფაიზერს”, განსხვავებული სამედიცინო დაწესებულებები გამოჩნდება. 6 სამედიცინო დაწესებულება გამოჩნდება “ფაიზერის” არჩევის შემთხვევაში და სხვა დანარჩენი დაწესებულება რეგიონის მიხედვით, “ასტრაზენეკას” არჩევის შემთხვევაში. ამდენად, არჩევანს მოქალაქე აკეთებს გარკვეული ლიმიტის ფარგლებში, ვიდრე ჩვენ 14 500 დოზა “ფაიზერის” ვაქცინა გვეყოფა. შემდეგ პროცესი გაგრძელდება “ასტრაზენეკას” ვაქცინითა და იმ ვაქცინებით, რომლებიც კიდევ დაგვემატება”,-აცხადებს გაბუნია.
მინისტრის მოაგდილის განცხადებით, ფაიზერის შემთხვევაში 2 დოზას შორის შუალედი 3 კვირააა. ამიტომ 29 250 დოზა გაიყოფა და ფაიზერის ამ პარტიით მხოლოდ 14 500 ადამიანი ისარგებლებს.
25 მარტიდან 65 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეები კორონავირუსზე ვაქცინაციას შეძლებენ. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პარალელურად გაგრძელდება სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების იმუნიზაციაც, თუმცა 25 მარტის შემდეგ ისინი ვეღარ ისარგებლებენ მათთვის განკუთვნილი რიგის მართვის კომპონენტით.