ახალი ამბები

ჯანეზაშვილი სასამართლო რეფორმის დასაწყებად 5 საკითხს ასახელებს

24 მარტი, 2021 •
ჯანეზაშვილი სასამართლო რეფორმის დასაწყებად 5 საკითხს ასახელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ განცხადებები, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გაკეთდა, სხვა პოლიტიკურ საკითხებთან ერთად, სასამართლოსთან დაკავშირებით, იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმები და განახლება სჭირდება.

მისი თქმით, რეფორმები, რომლებიც წლების განმავლობაში ტარდებოდა, არ იყო შედეგიანი და იმ რეალობამდე მიგვიყვანა, რაც გვაქვს.

ჯანეზაშვილი საზოგადოებას და გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ფუნდამენტური მნიშვნელობის ხუთ საკითხს სთავაზობს, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ სასამართლოს რეფორმა დაიწყოს და პირველი რიგის საკითხები გადაიჭრას.

მისი თქმით, სასამართლოს რეფორმის დასაწყებად აუცილებელი ხუთი საკითხია:

“პირველი – კლანური მმართველობისგან სასამართლოს გათავისუფლება. ვერ წარმომიდგენია სასამართლოს განვითარების პერსპექტივა იმ შემთხვევაში, თუ ამ სასამართლოში ლიდერებად დარჩებიან მურუსიძე-ჩინჩალაძე და სხვა ის პირები, რომლებმაც მიგვიტანეს ის მძიმე შედეგები, რაც სასამართლოშია. სასამართლო უნდა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან და განახლდეს.

მეორე – სასამართლოს ნეპოტიზმისგან გათავისუფლება, როგორც აპარატის, ასევე მოსამართლეების დონეზე. არ შეიძლება ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, დემოკრატიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რგოლი ნეპოტიზმის პრაქტიკით დახუნძლული იყოს.

მესამე – საქმეთა განაწილების წესის შეცვლა და სისტემური ანალიზი, ვინაიდან ყველაზე მთავარი მოსამართლის დამოუკიდებლობისთვის ისაა, როგორ მიდის ესა თუ ის საქმე მოსამართლესთან. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ელექტრონული განაწილების სისტემა, ვფიქრობ, ეს საკითხი საჭიროებს გადახედვას და საკანონმდებლო ცვლილებებს. არ შეიძლება მიხეილ ჩინჩალაძეს ჰქონდეს შესაძლებლობა, ერთპიროვნულად შეცვალოს მოსამართლეთა შემადგენლობა.

მეოთხე – საქმეთა გაჭიანურება. მოქალაქეები დადიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, სასამართლოებში, მაგრამ ისინი წლების განმავლობაში ვერ აღწევენ შედეგებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ საქმეთა განაწილების პრინციპის შემდგომ გადაიხედოს, როგორ მიმდინარეობს პროცესები და რატომ ჭიანურდება საქმეები.

მეხუთე – ბოლო, უმნიშვნელოვანესი საკითხი, ესაა მთლიანად სასამართლო სისტემის მოწყობა, ინსტიტუციური და ორგანიზაციული მხარე. ფაქტია, რომ დღევანდელი სასამართლო ვერ პასუხობს მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებაშია და არის თანამედროვე საზოგადოებაში ყველაზე აქტუალური. დღევანდელი სასამართლო სისტემა უნდა გადაიხედოს ორგანიზაციულად, მენეჯმენტი დაიხვეწოს ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ეფექტიანად ემსახურებოდეს. დღეს ეს ასე არ არის” ,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.


აშშ-ის სენატორმა აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ჯიმ რიშმა ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მედია, სასამართლო და პოლიტიკური ცხოვრების დიდი ნაწილი „ოლიგარქის“ მზარდი გავლენიის ქვეშაა.

სენატში საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ასისტენტმა დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში კარა მაკდონალდმა. მან სისტემაში არსებულ გავლენიან მოსამართლეებზეც გაამახვილა ყურადღება.

რიში: საქართველოში სასამართლო და პოლიტიკური ცხოვრების დიდი ნაწილი ოლიგარქის გავლენის ქვეშაა

მასალების გადაბეჭდვის წესი