გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და 16 გერმანული ლანდის [რეგიონის] ლიდერები შეცვლიან საკუთარ გადაწყვეტილებას აღდგომის დღეს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების გამკაცრებასთან დაკავშირებით.
მედიასთან გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ აღდგომასთან დაკავშირებით შეზღუდვების დაწესება თავდაპირველად განპირობებული იყო “საუკეთესო განზრახვებით”.
“ჩვენ აუცილებლად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ პანდემიის მესამე ტალღა. ამის მიუხედავად, ეს იყო შეცდომა [აღდგომას ლოქდაუნის დაწესება]. ახლა მნიშვნელოვანია, რომ შეცდომას ვუწოდოთ შეცდომა და ყველაფრის მიუხედავად, ის უნდა იყოს გამოსწორებული”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.
მისივე განცხადებით, უფრო სიღრმისეული ანალიზით დადგინდა, რომ დაგეგმილი ლოქდაუნით უფრო მეტი ზიანი მიადგებოდა საზოგადოებას, ვიდრე სიკეთე. მან ასევე განაცხადა, რომ აღდგომამდე არ იყო საკმარისი დრო, რომელიც ადეკვატურად აანაზღაურებდა ზოგიერთ პრობლემას, რომელიც ლოქდაუნის პირობებში დადგებოდა, როგორიცაა დაკარგული შემოსავლები და სამუშაო დრო.
აღნიშნული გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, გასულ სამშაბათს მერკელი და ლანდების მმართველები შეთანხმდნენ იმაზე, რომ შემოიღებდნენ საგანგებო ზომებს კორონავირუსის მესამე ტალღის შესაჩერებლად, რაც ასევე გულისხმობდა შეზღუდვების გამარტივების შეჩერებას ისეთ ადგილებში, სადაც 7-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი აღემატებოდა 100 დადასტურებულ შემთხვევას ყოველ 100 000 მოსახლეზე სამი დღის განმავლობაში.
ასევე, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ დაეწესებინათ უფრო მკაცრი ლოქდაუნი აღდგომის კვირაში, რომელიც გასტანდა პირველი აპრილიდან 5 აპრილის ჩათვლით [კათოლიკური და პროტესტანტული აღდგომა წელს 4 აპრილს აღინიშნება], როდესაც მთელი ქვეყანა, მათ შორის სასურსათო მაღაზიები იქნებოდა დაკეტილი, თუმცა ორ შინამეურნეობას [ოჯახს] ერთმანეთთან შეხვედრა შეეძლებოდათ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებას გერმანულ საზოგადოებაში კრიტიკა მოჰყვა.
ქვეყნის მთავარმა ეპიდემიოლოგებმა განაცხადეს, რომ 5-დღიან გამკაცრებულ ლოქდაუნს დიდი გავლენა ვერ ექნებოდა ვირუსის მესამე ტალღის ბრძოლის საქმეში.
ანგელა მერკელმა გაკეთებული განცხადების შემდეგ საკონფერენციო სივრცე მალევე დატოვა. მისი განცხადებით, იგი ბუნდესტაგში მიდიოდა, რის გამოც ვერ შეძლებდა ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის გაცემას.
გერმანიაში ამ დრომდე კორონავირუსის 2 მილიონ 689 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაიცვალა 75 ათასზე მეტი ადამიანი.