ახალი ამბები

ყოფილი შეიხი პროკურატურას თანამდებობიდან იძულებით გადაყენების გამო კიდევ ერთხელ მიმართავს

24 მარტი, 2021 • 622
ყოფილი შეიხი პროკურატურას თანამდებობიდან იძულებით გადაყენების გამო კიდევ ერთხელ მიმართავს

დღეს, 24 მარტს, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აქპეროვი და ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი კიდევ ერთხელ მიმართავენ განცხადებით საქართველოს პროკურატურას და მოითხოვენ ვაგიფ აქპეროვის დაზარალებულად ცნობასა და მისი თანამდებობიდან იძულებით გადაყენების ფაქტის დაუყოვნებლივ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას.

“2021 წლის 21 მარტს ტელეკომპანია მთავარის გადაცემა Post-Factum-ში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუს მიხედვით (ტელეკომპანიის ცნობით ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 24 ნოემბერს), მისი მონაწილეობით ვაგიფ აქპეროვის კომპიუტერზე ვირუსული ფაილი ფარულად ჩაიტვირთა შეიხის პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ფარულად მოპოვების მიზნით (აუდიო-ვიდეოთვალთვალი). გულაშვილის განცხადებით, მან ეს ოპერატიული დავალება შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი მაღალჩინოსნისგან, ნიკოლოზ შარაძისგან მიიღო, რომელიც ამჟამად შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელია.

2013 წლის 27 დეკემბერს ვაგიფ აქპეროვი დაიბარეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ შენობაში (ე.წ.მოდულის შენობა), სადაც, აქპეროვის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით და რეპუტაციის შელახვით დაემუქრნენ, მიანიშნებდნენ ოჯახის წევრებისთვის დაბრკოლებების შექმნის შესაძლებლობაზე. მისგან მოითხოვდნენ, დაეწერა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება, შეეწყვიტა მეჩეთში სიარული და არ ჰქონოდა ურთიერთობა უფლებადამცველ ორგანიზაციებსა და მედიასთან. ზეწოლის შემდეგ აქპეროვი იძულებული გახდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების კარნახით, ე.წ. მოდულის შენობაშივე დაეწერა განცხადება შეიხის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ”, – ნათქვამია ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


ნეტგაზეთმა გუშინ, 23 მარტს გამოაქვეყნა ინტერვიუ ვაგიფ აქსპეროვთან, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ აქ.

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

მასალების გადაბეჭდვის წესი