ახალი ამბები

“სენატის განცხადებების შემდეგ ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა მოუწევს” — კუჭავა

24 მარტი, 2021 • 1113
“სენატის განცხადებების შემდეგ ოპოზიციას შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა მოუწევს” — კუჭავა

პარტია “ქართულ ოცნებაში” გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა კახა კუჭავა გამოეხმაურა 23 მარტს აშშ-ის სენატში საქართველოზე გაკეთებულ განცხადებებს. როგორც კუჭავა ამბობს, “აშშ ყველა მხარეს მოუწოდებს, გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას”.

“გუშინ აშშ-ის სენატმა საქართველოს მიმართ გააჟღერა მკაფიო გზავნილები. 2012 წლის შემდეგ ქართულმა დემოკრატიამ არაერთ ტესტს გაუძლო, განმტკიცდა და გაღრმავდა. აშშ ეყრდნობა ეუთო/ოდირის დასკვნას და საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს აღიარებს, როგორც თავისუფალს, დემოკრატიულს და კონკურენტულს. ყველა თანხმდება, რომ ოპოზიცია პარლამენტში აუცილებლად უნდა შევიდეს. კანონის უზენაესობას ყველამ პატივი უნდა სცეს, მათ შორის, პოლიტიკურმა ლიდერებმა. ისინი მოუწოდებენ ყველა მხარეს, მათ შორის, პატარა პარტიებსაც, გადადონ მოკლევადიანი პოლიტიკური ინტერესები და მოემსახურონ ქვეყნის დემორატიულ განვითარებას”, — განაცხადა კახა კუჭავამ.

მისივე თქმით, სენატში გამოთქმული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიცია უნდა შევიდეს პარლამენტში.

“საქართველო არის მაგალითი სხვა ქვეყნებისთვის და ლიდერი რეგიონში. სენატში გამოხატული შეფასებების გათვალისწინებით, ოპოზიციას მოუწევს შემხვედრი ნაბიჯების გადმოდგმა შეთანხმებისთვის და მცდელობა, რომ მხოლოდ მოლაპარაკებებში მონაწილეობა წარმოჩენილი იქნებას მათი მხრიდან კომპრომისად, არ და ვერ იქნება აღქმული ასეთად.

შეთანხმება უნდა მიიღწეს და ოპოზიცია აუცილებლად უნდა შევიდეს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს ექნება მცდელობა, სენატში გამოხატული მოსაზრებებს სათავისო ინტერპრეტაცია გაუკეთონ, ფაქტი ფაქტად რჩება. სენატის შეფასებით, საქართველო არის პროდასავლური დემოკრატიული ქვეყანა და მისაბაძი ლიდერი რეგიონში, ხოლო ქართულმა ოცნებამ, როგორც პროდასავლურმა ძალამ, მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს, რამაც დაგვაახლოვა ჩვენს სტრატეგიულ მიზანთან, 2024 წელს გავაკეთოთ განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე”, — აცხადებს კუჭავა.

მისი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ გამოითქვა წუხილი ნიკა მელიას დაკავების გამო, ასევე აღინიშნა ისიც, რომ კანონის უზენაესობას ყველამ უნდა სცეს პატივი.

“ბუნებრივია, გამოხატული იყო წუხილი, რომ ოპოზიციონერი ლიდერი პატიმრობაში იმყოფება, თუმცა იქვე ხაზგასმით აღინიშნა, რომ კანონის უზენაესობა ხელშეუვალი ღირებულებაა, რომელიც ყველამ, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებმა უნდა დაიცვან.

„ქართული ოცნება“ იყო და რჩება ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის ერთგული და ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან ერთად გავაგრძელებთ მუშაობას ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომელთაც გუშინაც გაესვა ხაზი, იქნება ეს საარჩევნო, სასამართლო სისტემის რეფორმა, პანდემიით გამოწვეულ კრიზისი, ეკონომიკური აღმავლობა, გეოპოლიტიკა თუ ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული სხვა გამოწვევები“, — თქვა კუჭავამ გამართულ ბრიფინგზე.


სენატის ევროპისა და რეგიონალური უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტის სხდომა გუშინ გაიმართა.

ერთ-ერთმა გამომსვლელმა, სენატორმა ჯინ შაჰინმა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შეთანხმებისკენ მოუწოდა, ხაზი გაუსვა საარჩევნო რეფორმის ჩატარების საჭიროებას და აღნიშნა, რომ „ყოველი დღე, რომელსაც ოპოზიციის ლიდერები ციხეში ატარებენ და ყოველი დღე, როცა პარლამენტის სკამები ცარიელია, რუსეთის გამარჯვებაა“.

ლეგიტიმურობის ზღვარზე მყოფი არჩევნები საკმარისი არაა – სენატორი შაჰინი საქართველოზე

მასალების გადაბეჭდვის წესი