ნეტგაზეთი | სამუშაო ჯგუფში მერია დამოუკიდებელ ექსპერტებსაც ჩართავს | ვაშლიჯვრის მეწყერი სამუშაო ჯგუფში მერია დამოუკიდებელ ექსპერტებსაც ჩართავს | ვაშლიჯვრის მეწყერი – Netgazeti
RU | GE  

სამუშაო ჯგუფში მერია დამოუკიდებელ ექსპერტებსაც ჩართავს | ვაშლიჯვრის მეწყერი

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ის ავალებს თავის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს, ვაშლიჯვრის სამუშაო ჯგუფში სხვა ექსპერტებიც ჩართოს.

კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს კვლევა-პროექტირება, გასატარებელი ღონისძიებების შესახებ გადაწყვეტილება კი კვირის ბოლოსთვის იქნება ცნობილი. მან ასევე აღნიშნა, რომ ვაშლიჯვრის მეწყრის შესახებ ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება.

რაც შეეხება უშუალოდ უსაფრთხოების ზომებს, თბილისის მერი ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც მეწყერი მოსახლეობისთვის სახიფათო გახდა, მერიამ გზა გადაკეტა და შექმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი.

„რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ პროცესებში ჩავრთეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვისსამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები. მათ ორი დღეა დაემატნენ გერმანელი სპეციალისტები.

ეს ადამიანები მუშაობდნენ წყნეთი-ახალდაბის მეწყრული გზის აღდგენაზე და ასევე, შეშელიძის ქუჩაზე, სადაც სერიოზული პრობლემა იდგა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ვიცი, რომ არიან გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ქალაქში მსგავს ტერიტორიებს სწავლობენ და ბევრი ინფორმაცია აქვთ. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში და ერთობლივი ძალებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა“, — განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე კალაძემ.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

წინასწარი შეფასებით, საუბარია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწაზე, თუმცა ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მასა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან აშენებს ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას. 2020 წლის 16 მარტიდან კი ზვავის საშიშროების გამო მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა შეჩერებულია.

მეწყერის შესასწავლად საქართველოში გერმანელი ექსპერტები ჩამოვიდნენ — კლაუს კაილიგი და პეტერ ნიუმანი — გერმანული კომპანია „სამშენებლო გეოლოგიის ბიუროს“ წარმომადგენლები არიან.  ისინი აცხადებენ, რომ სახეზეა მეწყრის ინიცირების ეტაპი და აუცილებელია ზომების მიღება.

მეწყერს სახელმწიფოს გარდა სწავლობს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ცენტრი. მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძეა, რომელმაც გუშინ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს გერმანელ ექსპერტებთან, მიაწოდოს მათ მასალები და სხვა ინფორმაცია.

“ყოველდღიურად 5 სმ-თი გადაადგილდება“ | მეწყერი ვაშლიჯვარში

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან