კულტურის, სპორტისა და ახალგაზროდობის მინისტრ თეა წულუკიანს სამი მოადგილე ეყოლება. კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია მინისტრმა დღეს წარადგინა.
წულუკიანის თქმით, სიხარულიძე, რომელსაც დიპლომატად მუშაობის გამოცდილება აქვს, საერთაშორისო მიმართულებით იმუშავებს. ის სხვადასხვა პერიოდში საქართველოს ელჩი იყო ჩეხეთსა და იტალიაში. სოსო გიორგაძე, რომელიც იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი იყო, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის მიმართულებით იმუშავებს. გიორგაძე ამ დრომდე იურტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. 2014-2016 წლებში ის ასევე იყო იუსტიციის სამინისტროს კიდევ ერთი სსიპ-ის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი.
“ის, როგორც ჩვენ შორის ყველაზე ახალგაზრდა, უხელმძღვანელებს სწორედ ახალგაზრდობის საკითხებს და სპორტის საკითხების კურატორიც იქნება”, — თქვა წულუკიანმა.
რაც შეეხება იოსებ ბაღათუარიას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი იყო, კულტურის სამინსტროს საპარლამენტო მდივანი იქნება. ამასთან, როგორც წულუკიანი ამბობს, ბაღათურია სათავეში ჩაუდგება “კულტურის კოდექსის” შექმნის პროცესს.