კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში დაგეგმილ ბრიფინგზე, რომელიც დღეს, 24 მარტს, 11:30 წუთზე უნდა გამართულიყო, მედიის წარმომადგენლების ნაწილი, მათ შორის, ნეტგაზეთის ჟურნალისტი, არ შეუშვეს.
ბრიფინგზე, სადაც უწყების ახალ მინისტრს, თეა წულუკიანს მოადგილეები უნდა წარედგინა, არ შეუშვეს არც რადიო “თავისუფლების” ოპერატორი.
როგორც სამინისტროს დაცვამ ნეტგაზეთს უთხრა, “ღონისძიებაზე” მედიის წარმომადგენლების შეშვება დაწყებამდე 10 წუთით ადრე შეწყდა და ღონისძიების კარი დაიხურა.
ამასთან, ახლად შექმნილ უწყებაში ჯერჯერობით გაურკვეველია, ვინ კურირებს პრესასთან სამსახურს. განათლების სამინისტროში, სადაც კულტურის საკითხებთან დაკავშირებით სამინისტროს გამოყოფამდე პრესსამსახურს კულტურის საკითხებზე ვუკავშირებოდით, ტელეფონს ჯერჯერობით არ პასუხობენ.