ახალი ამბები

“თქვენ არავინ ხართ” – გენინსპექცია აეროპორტში მესაზღვრის ქმედებებს შეისწავლის

23 მარტი, 2021 • 944
“თქვენ არავინ ხართ” – გენინსპექცია აეროპორტში მესაზღვრის ქმედებებს შეისწავლის

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც, სავარაუდოდ, საქართველოში შემოსვლის სურვილის მქონე უცხოელი ვიზიტორი და მესაზღვრე მონაწილეობენ და რის შესახებაც ინფორმაცია გიდების ასოციაციის ხელმძღვანელმა ალექსანდრე გიორგიძემ გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო.

გიორგიძის მიერ გავრცელებულ ვიდეოში მესაზღვრე არ ჩანს, თუმცა საუბრის ფრაგმენტი ისმის. სავარაუდოდ, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს უხეშად ესაუბრება და ეუბნება, რომ ის “არავინ არის” და უფლება აქვს, როგორც მოუნდება, ისე ესაუბროს. გიორგიძის ინფორმაციით, შემთხვევა დღეს, 23 მარტს, დილით მოხდა. გიორგიძემ ნეტგაზეთს უთხრა, რომ ეს ადამიანი, რომელიც თურქმენეთის მოქალაქეა, “იმუშავე საქართველოდან” პროგრამის ბენეფიციარი იყო. სახელმწიფო პროგრამის, რომელიც ქვეყანაში დისტანციურად მუშაობის მსურველ უცხო ქვეყნის მაღალანაზღაურებად მოქალაქეებს იწვევს.

“ახლა უკან, თურქეთში უნდა გაფრინდეთ, რადგან ეს ჩვენი ქვეყანაა.. წადით ირანში ან სტამბოლში.. სულ ესაა. ახლა იქ დაჯექით.. თქვენთან ლაპარაკი არ მსურს. დაჯექით… აქ კითხვები არ ისმება, ეს საზღვარია… ავიაკომპანია წაგიყვანთ თვითმფრინავში, გესმით?!

-შეიძლება თქვენი გვარი გავიგო?!

-არა, არ შეიძლება

-რატომ?

-იმიტომ, რომ საზღვაზე არ დაიშვები [უარყოფილი ხარ], ჩემი გვარი თქვენი საქმე არააა, გესმით?!

-კარგი, უარი მეთქვა [საზღვარზე შემოსვლაზე], არ არის პრობლემა და უკან ვბრუნდები

-თქვენ ვეღარასდროს შემოხვალთ საქართველოში!

-არასოდეს მენდომება საქართველოში დაბრუნება, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში არ გაქვთ უფლება, ადამიანებს ასე ესაუბროთ

-ეს ჩემი ქვეყანაა. მე ვიცავ ჩემს ქვეყანას!

-თქვენ პრეზიდენტი არ ხართ, მცველი… არანაირი უფლება არ გაქვთ, ადამიანებს ასე ესაუბროთ

-მაქვს…

ამის შემდეგ, სავარაუდოდ, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ეუბნება, რომ არავინ არ არის. “გვარს არ გეტყვით… რადგან არავინ ხართ. მე ვარ საქართველოს მესაზღვრე და ყველანაირი უფლება მაქვს ისე გელაპარაკოთ, როგორც მინდა”,-ისმის ჩანაწერში.

რაც შეეხება თურქმენეთის მოქალაქეს, შსს-ს ცნობით, საქართველოში შემოსვლაზე უარი “უცხოელთა და მოქალეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარების შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის, “ი” ქვეპუნქტის საფუძველზე ეთქვა. ეს ქვეპუნქტი არ აკონკრეტებს, რის გამო ეუბნებიან უარს უცხოელს ქვეყანაში შემოშვებაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი