ახალი ამბები

თუ ზრდის ტენდენცია გვექნება, გარკვეული გამკაცრებები მოგვიწევს – გამყრელიძე

23 მარტი, 2021 • 844
თუ ზრდის ტენდენცია გვექნება, გარკვეული გამკაცრებები მოგვიწევს – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში მომატებულია ე.წ. დადებითობის მაჩვენებელი, რაც ჩატარებული ტესტების საფუძველზე კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების ზრდას ნიშნავს. დღეს, 23 მარტს, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, გამყრელიძემ თქვა, რომ თუ შემთხვევები მოიმატებს, მთავრობას მოუწევს, რეგულაციები გაამკაცროს. რეგულაციების გამკაცრებაში, როგორც NCDC-ის დირექტორი ამბობს, არსებული წესების აღსრულებაზე კონტროლი იგულისხმება.

“ჩვენთან ასევე გაჩნდა ბოლო დღეებში გარკვეული ტენდენცია ეპიდსიტუაციის გაუარესებისკენ. არ ვიტყვი, რომ ნახტომისებური ზრდა გვაქვა, თუმცა დღეს 21 ათას ტესტზე 528 ახალი შემთხვევაა, რის გამოც დადებითობის მაჩვენებელი 2.53%-მდე გაიზარდა. მაგრამ 7-დღიანი და 14-დღიანი დადებითობის მაჩვენებლით ჯერჯერობით სტაბილურობა გვაქვს. ოდნავ იმატებს 7-დღიანი მაჩვენებელი -1.82%, და 1.61% – 14-დღიანი. ბოლო 30 დღე ასევე გვაქვს 1.6%, ანუ მარტში ზოგადად დადებითობის საშუალო მაჩვენებელი იქნება ნაკლები, ვიდრე თებერვალში. ბოლო ხუთი დღეა სტაბილურად ძალიან მცირედით მატების ტენდენციაა როგორც ინციდენტობის, ასევე დადებითობის მაჩვენებლის. ქვეყანაში ასევე ზრდაა ვირუსის აქტიური შემთხვევების კუთხითაც. დღეს 3770 გვაქვს, თუმცა პოზიტიურია დღევანდელი დინამიკა სიკვიდილიანობასთან დაკავშირებით. 4 გარდაცვალება გვაქვს, რაც ნოემბრიდან დღემდე ყველაზე მცირეა. ხშირად ვიმეორებ, რომ თუ ჩვენ დაახლოებით ამ რანგის ეპიდსიტუაციით გავივლით მარტსა და აპრილს, მაშინ დიდი ალბათობით მესამე ტალღას ავცდებით. თუ ჩვენ ახლა ზრდის ტენდენცია გვექნება, ანუ ეპიდსიტუაციის გაუარესება, მაშინ მოგვიწევს გარკვეული გამკაცრებები”,-აცხადებს გამყრელიძე.

დღეს გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • თბილისში – 265
  •  აჭარა – 42
  •  იმერეთი – 84
  •  ქვემო ქართლი – 31
  • შიდა ქართლი – 20
  •  გურია – 19
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 26
  • კახეთი – 17
  • მცხეთა-მთიანეთი – 13
  •  სამცხე-ჯავახეთი – 2
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 9.

მასალების გადაბეჭდვის წესი