ახალი ამბები

მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება – “ქალთა მოძრაობა” ანა დოლიძის შესაძლო თვალთვალზე

22 მარტი, 2021 •
მოვუწოდებთ საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება – “ქალთა მოძრაობა” ანა დოლიძის შესაძლო თვალთვალზე

“ქალთა მოძრაობა” ანა დოლიძის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს და საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების დაწყებისკენ, საერთაშორისო თანამეგობრობას კი შესაბამისი რეაგირებისკენ მოუწოდებს. მოძრაობა ეხმაურება ტელეკომპანია “მთავარი არხის” ეთერში 21 მარტს გასულ სიუჟეტს, სადაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, ივანე გულაშვილი ჰყვება, რომ რამდენიმე წლის წინ თავად დაამონტაჟა სათვალთვალო მოწყობილობა ანა დოლიძის სახლში, რომლის საშუალებითაც სახელმწიფო უწყებები მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს იღებდნენ.

“სამწუხაროდ, გვახსოვს არაერთი პოლიტიკურად აქტიური ქალის წინააღმდეგ განხორციელებული მორალური ტერორი და საჯარო ცხოვრებიდან განდევნის მცდელობა. აღვნიშნავთ, რომ მსგავსი უკანონო პრაქტიკები ქვეყანაში სისტემურ ძალადობად ჩამოყალიბდა. ქალის პირადი, მათ შორის, სექსუალური ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, დისკრედიტაციისა და მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია”, – წერს “ქალთა მოძრაობა” განცხადებაში.

სამოქალაქო მოძრაობა მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოს, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გამოკითხონ ყველა, ვისაც შესაძლოა შეხება ჰქონოდა დოლიძის მიმართ უკანონო თვალთვალში. მოძრაობა ასევე მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გამოიყენოს ყველა რესურსი, რათა აღიკვეთოს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელება.

“ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ანა დოლიძეს და მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას შესაბამისი რეაგირებისაკენ”, – წერს “ქალთა მოძრაობა”.

ტელეკომპანია “მთავარმა არხმა” 21 მარტს გაავრცელა ამჟამად პატიმრობაში მყოფი სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის, ივანე გულაშვილის ინტერვიუ, რომელიც აღიარებს, რომ სხვადასხვა პერიოდში ძალოვანი უწყების მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან სხვადასხვა დავალებებს იღებდა, მათ შორის, საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონოდ მოპოვების მიზნით.

გულაშვილი ინტერვიუში ჰყვება, რომ არ იცოდა, კონკრეტულად ვის სახლში უწევდა პერიოდულად სათვალთვალო მოწყობილობების დაყენება, თუმცა ამბობს, რომ ერთ-ერთი სახლი, სავარაუდოდ, ანა დოლიძეს ეკუთვნოდა. ინტერვიუში გულაშვილი აღწერს სახლს, რომელშიც მისი თქმით ანა დოლიძის ფოტოსურათები ნახა. სახლის აღწერილობის მიხედვით ანა დოლიძემ “მთავარ არხთან” დაადასტურა, რომ აღნიშნული სახლი მართლაც მას ეკუთვნის.

“მთავარი არხის” ცნობით, ეს ინტერვიუ ივანე/ვანო გულაშვილთან ჯერ კიდევ იმ დროს ჩაწერეს, როდესაც ეს უკანასკნელი დაკავებული არ იყო. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ინტერვიუს შემდეგ ის მალვე დააკავეს. “მთავარი არხის” ცნობით, გულაშვილი მათთვის მამხილებელი ჩანაწერების გადაცემასაც აპირებდა, თუმცა, გარკვეული პირობებით. ტელეკომპანიის ცნობით, გულაშვილს სუს-ის ეშინოდა და ამის გამო ფრთხილობდა.

სამართალდამცავი უწყებები არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება მის მონაყოლზე.

“უკანონო თვალთვალი”: უცნობია, დაიწყო თუ არა გამოძიება სუსის ყოფილი თანამშრომლის მონაყოლზე

მასალების გადაბეჭდვის წესი