ახალი ამბები

საქართველოში დანიელსონის მისიის გაგრძელებას EU-ს მინისტრებმა “ძირითადად” მხარი დაუჭირეს – რადიო თავისუფლება

22 მარტი, 2021 • 734
საქართველოში დანიელსონის მისიის გაგრძელებას EU-ს მინისტრებმა “ძირითადად” მხარი დაუჭირეს – რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების ბრიუსელის კორესპონდენტის, რიკარდ იოზვიაკის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო მინისტრებმა საქართველოში კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელებას “ძირითადად” მხარი დაუჭირეს.

მისი ცნობით, დღეს, 22 მარტს, გამართულ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს სხდომაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელმა,  ევროკავშირის მინისტრებს უამბო საქართველოში კრისტიან დანიელსონის შუამავლობით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული მოლაპარაკებების შესახებ.

“აღინიშნა, რომ ამ მოლაპარაკებამ ვერ მიაღწია წარმატებას. შესაბამისად, წამოიჭრა საკითხი კრისტიან დანიელსონის მისიის გაგრძელების შესახებ, რასაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ძირითადად დაეთნხმნენ. მაგრამ ის, თუ როდის ჩამოვა საქართველოში დანიელსონი, ცოტა მოგვიანებით, მისი და შარლ მიშელისა შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი”, — წერს რადიო თავისუფლება.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ევროპული საბჭორს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი