ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ცხინვალი დავით ქაცარავას გადაცემებს დადებითად აფასებს

22 მარტი, 2021 •
ცხინვალი დავით ქაცარავას გადაცემებს დადებითად აფასებს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბილკის უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს საქართველოში ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერის, დავით ქაცარავას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას საზღვრისპირა დასახლებებში გადაცემების ციკლის მომზადებასთან დაკავშირებით.

“ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელთა პატრიოტული განწყობების მეშვეობით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი აგრძელებს საზღვრისპირა ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების შესახებ ინფორმაციის მიღებას.

თბილისის რეჟიმის შემზღუდავი ზომების მიუხედავად, დავით ქაცარავას ინიციატივით იგეგმება გადაცემის ციკლის მომზადება, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს გააშუქებს, ასევე, – სახელმწიფო საზღვარზე არსებულ პროცესებს.

არასამთავრობო ორგანიზაცია – მოძრაობის აღნიშნული ქმედებები, პერსპექტივაში, საქართველოს მოქალაქეების ცნობიერების დონეს გაზრდის, შეამცირებს სახელმწიფო საზღვარზე დარღვევების დონეს და ქართულ საზოგადოებაში სამხრეთ ოსეთის საზღვრის კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის ცნობიერებას ჩამოაყალიბებს”.

ამასთან, ცხინვალი აცხადებს, რომ აღნიშნული პროექტის რეალიზაციამ დადებითად უნდა იმოქმედოს საზღვრისპირა ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, ასევე მნიშვნელოვნად გაზრდის მათი მესაზღვრეების მუშაობის ნაყოფიერებას “რესპუბლიკის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით”.


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ ლიდერმა, დავით ქაცარავამ რამდენიმე დღის წინ ფეისბუკით დააანონსა ოკუპაციაზე გადაცემების გადაღება.

“გადავწყვიტეთ 8 გადაცემის გაკეთება ოკუპაციასთან დაკავშირებით, მთელ იმ პრობლემატიკაზე, რაც იქ არსებობს. თემები გახლავთ სოციალური, ინფრასტრუქტურული, მცოცავი ოკუპაცია, ბორდერიზაცია, გატაცებები, 2008 წლის ომის უცნობი ბრძოლები და ისტორიები. ამ მასალებზე დაყრდნობით კი შეიქმნება დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც მოხდება სხვადასხვა სატელევიზიო თუ ინტერნეტ არხების მეშვეობით. ეს გადაცემა იქნება იუტუბ ფორმატის, იმისთვის, რომ არ ვიყოთ შეზღუდულები დროში და შევძლოთ გავაშუქოთ და ვისაუბროთ ყველა ზემოთ ხსენებულ საკითხზე შეზღუდვის გარეშე. ამასთან ერთად, ყოველ გადაცემაში გვეყოლება სტუმრები, ცნობადი სახეები, ადგილობრივი მცხოვრებლები, რომლებიც აქტიურად ჩაერთვებიან თემის განხილვასა და გაშლაში. გადაცემათა ეს ციკლი და შემდგომში დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს იარაღს საინფორმაციო ომში, რომლის წარმოება უკლებლივ ყველას გვევალება”, – ვკითხულობთ დავით ქაცარავას ფეისბუკის პოსტში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი