ახალი ამბები

რა პრობლემებია სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში — აუდიტის ანგარიში

22 მარტი, 2021 • 1098
რა პრობლემებია სტუდენტების საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსების პროგრამაში — აუდიტის ანგარიში

საქართველოს აუდიტის სამსახურმა სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრის საზღვარგარეთ განათლების მიღების ხელშეწყობის პროგრამის 2016-2019 წლების ეფექციანობის აუდიტი ჩაატარა.

დოკუმენტის მიხედვით, რომელიც აუდიტმა მოამზადა, 2016-2019 წლებში ქვეპროგრამის დამტკიცებულმა ბიუჯეტმა შეადგინა 27 085 000 ლარი, ხოლო 2020 წელს ბიუჯეტი განსაზღვრულია 6 980 000 ლარით.

აუდიტის განცხადებით, ცენტრის მიერ დასაფინანსებელი პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას, ამასთანავე, სამინისტრო არ მონაწილეობს აღნიშნული მიმართულებების ფორმირებაში. უწყებაში აღნიშნავენ, რომ განათლების სისტემაში არ არსებობს ერთიანი პოლიტიკა პრიორიტეტულ მიმართულებებთან დაკავშირებით.

“ცენტრის მიერ დაფინანსებული პრიორიტეტული მიმართულებები არ ეფუძნება სისტემურ კვლევას ან/და ანალიზს. ამასთანავე, სამინისტრო არ ადგენს და არც მონაწილეობას იღებს ცენტრის მიერ დაფინანსებული პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში.

სამინისტრო მხოლოდ ბიუჯეტის დაგეგმვისა და შესრულების ანგარიშის განხილვის გზით არის ჩართული ცენტრის მიერ საკუთარი პროგრამების, მათ შორის, პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრისა და განხორციელების პროცესში”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ცენტრი პრიორიტეტების განსაზღვრის პროცესში არ ეყრდნობოდა არც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ 2017 წელს განხორციელებულ შრომის ბაზრის ანალიზს და არც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შრომის ბაზრის მოთხოვნის კომპონენტის არსებული და მოსალოდნელი ტენდენციების გამოვლენის მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგებს.

აუდიტი აღნიშნავს, რომ ცენტრის განმარტებით, ჩატარებული კვლევა არ არის რელევანტური ცენტრის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.

ამასთან, აუდიტის სამსახურის განცხადებით, ცენტრს არ აქვს შემუშავებული სტუდენტთა საზღვარგარეთ საჭირო საყოფაცხოვრებო თანხების განსაზღვრის მეთოდოლოგია. კომისია თითოეული ქვეყნისთვის ამტკიცებს ზღვრულ ოდენობას, თუმცა არ არსებობს კალკულაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია:

“2014-2015 წლებში საყოფაცხოვრებო თანხების ზღვრული ოდენობები არ იყო დადგენილი ქვეყნების მიხედვით. მათი განსაზღვრა ხდებოდა ცალკეული ბენეფიციარის მიხედვით და განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან.

2016 წლიდან კომისიის სხდომის ოქმებში აღნიშნულია, რომ კონკურსანტთა უმეტესი ნაწილი სწავლის პერიოდში საზღვარგარეთ ცხოვრებისთვის საჭირო ხარჯების ასანაზღაურებლად გაცილებით დიდი ოდენობის თანხას ითხოვდა, ვიდრე რეალურად ესაჭიროებათ სტუდენტური ცხოვრებისთვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იყო ყოველი ქვეყნისთვის საცხოვრებელი ხარჯების ზღვრული ოდენობის დადგენა” ,- წერია ანგარიშში.

გარდა ამისა, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2016 წლიდან არ განხორციელებულა ზღვრული ოდენობის კორექტირება სხვადასხვა ეკონომიკური ფაქტორის გათვალისწინებით. აუდიტის დასკვნაში ნათვამია, რომ განსხვავებულია ერთსა და იმავე ქვეყანასა და პერიოდში სხვადასხვა სტუდენტზე ამ მიზნით გაცემული დაფინანსება.

აუდიტის ანგარიშში ნათქვამია, რომ ცენტრს არ აქვს გაწერილი კომისიის წევრების შერჩევის კრიტერიუმები და მეთოდოლოგია. კონკურსანტთა შეფასების კრიტერიუმები კი არ არის დეტალური, იძლევა განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას და საჭიროებს დამატებით განმარტებას. შედეგად, აუდიტის განცხადებით, კომისიის წევრების მიერ კონკურსანტთა შეფასების პროცესში გამოყენებულია არათანაბარი მიდგომები.

ამასთან, უწყება აღნიშნავს, რომ ცენტრში დანერგილი მექანიზმები ვერ უზრუნველყოფს კონკურსის მესამე ეტაპის − აპლიკანტთა გასაუბრების პროცესის სრულად აღდგენის შესაძლებლობას, რაც ხელს უშლის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას და ამცირებს სანდოობას.

აუდიტის ანგარიშის მიხედვით, ცენტრისა და სამინისტროს მიერ არ არის დანერგილი შეფასებისა და მონიტორინგის საკმარისი მექანიზმები:

“კერძოდ, ცენტრს ეფექტიანობის შეფასების მიზნით არ ჩაუტარებია სათანადო კვლევა და ანალიზი. ამასთანავე, სამინისტროს არ შეუსწავლია ცენტრის საქმიანობა გამოყოფილი ფინანსური რესურსების პროდუქტიული და ეფექტიანი ხარჯვისა და დასახული მიზნების მიღწევის შესაფასებლად”, – წერია ანგარიშში.

აუდიტის სამსახურის განცხადებით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებლისა და ქვეყანაში დაბრუნების დასადგენად ცენტრი არ ახორციელებს შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციას ან/და ინფორმაციის მოძიებას, მონიტორინგის სხვა მექანიზმების გამოყენებით.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარების 30%-ის მიერ საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზება არ ხდება, რაც ეწინააღმდეგება პროგრამის ძირითად მიზანს და მიუთითებს პროგრამისა და გამოყოფილი ფინანსური რესურსების არაეფექტიანად მართვაზე.

აუდიტი აღნიშნავს, რომ პროგამის მიზანია საზღვარგარეთ მიღებული ცოდნის ქვეყანაში რეალიზაცია და მაღალკვალიფიციური საკადრო რესურსების ზრდა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცენტრის მიერ დაფინანსებული ბენეფიციარები უნდა დაბრუნდნენ და დასაქმდნენ ქვეყანაში.

“ინფორმაციის ანალიზიდან ჩანს, რომ 85 ბენეფიციარიდან 31-ის მიერ მიღებული ცოდნის რეალიზება არ ხდება ქვეყანაში. მათგან 31 არის 2014-2015 წლების იმ პროგრამების ბენეფიციარი, სადაც სახელმწიფო იღებდა მათი დასაქმების ვალდებულებას. ვინაიდან ვერ შესრულდა აღნიშნული პირობა, შეუძლებელია ამ ბენეფიციარებზე მიმართული დაფინანსების დაბრუნება სახელმწიფოს მიერ (21 ბენეფიციარზე გადარიცხულია 2 074 106 ლარი)”, – წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხედვით, 33 ბენეფიციარის შემთხვევაში, ხელშეკრულებებში არ არის გაწერილი სწავლის დასრულების შემდგომ ქვეყანაში დაბრუნების ვადები, რაც აფერხებს ვალდებულების დარღვევის იდენტიფიცირების პროცესს და ბენეფიციარებს აძლევს შესაძლებლობას, განუსაზღვრელი დროით გადაავადონ ქვეყანაში დაბრუნება და დასაქმება.

აღნიშნული პირებიდან, აუდიტის განცხადებით, 21 ბენეფიციარზე სახელმწიფოს ანაზღაურებული აქვს 1 795 387 ლარი, ხოლო 12 ბენეფიციარზე მიმართული ფინანსური რესურსის იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ვინაიდან ისინი ერთობლივი პროგრამების მონაწილეები არიან და ყველა ბენეფიციარის თანხა ირიცხება ერთიანად.

ანგარიშის მიხედვით, ცენტრის 21 ბენეფიციარიდან, რომელთაც დარღვეული აქვთ ქვეყანაში 3-წლიანი დაყოვნების ვალდებულება და მათზე მიმართულია 1,065,872 ლარი, 8 ბენეფიციარის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, 4 ბენეფიციარის მიერ დარღვევის ფაქტი ცენტრს აქვს დაფიქსირებილი, თუმცა სასამართლოში სარჩელი არ არის შეტანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი