ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სომხეთის გენშტაბს ახალი უფროსი ჰყავს

22 მარტი, 2021 • 579
სომხეთის გენშტაბს ახალი უფროსი ჰყავს

სომხეთის გენშტაბს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, ამ პოსტზე არტაკ დავთიანი დაინიშნა, რომელმაც ონიკ გასპარიანი შეცვალა.

როგორც ნიკოლ ფაშინიანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, მან იხელმძღვანელა კანონით მინიჭებული უფლებით. იმის გამო, რომ პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა 10 მარტს ხელი არ მოაწერა არტაკ დავთიანის გენშტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას, მის მიერ გაგზავნილი შენიშვნები კი არ გაიზიარა ფაშინიანმა, ამის შემდეგ  სარქისიანმა ისევ არ მოაწერა ხელი დანიშვნის გადაწყვეტილებას და არც სასამართლოში გაასაჩივრა, დავთიანი გენშტაბის ხელმძღვანელი გახდა.

დავთიანის გენშტაბის ხელმძღვანელად დანიშვნას წინ უძღოდა ონიკ გასპარიანის გადაყენება, რის დროსაც არმენ სარქისიანმა კვლავ შეიკავა თავი ნიკოლ ფაშინიანის შუამავლობის დაკმაყოფილებისგან და არ მოაწერა ხელი გენშტაბის იმდროინდელი ხელმძღვანელის გადაყენებას.

საბოლოოდ, ფაშინიანმა გასპარიანი მაინც გადააყენა, რადგან არმენ სარქისიანმა სასამართლოში არ გაასაჩივრა პრემიერ-მინისტრის შუამდგომლობა, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებდნენ, რომ სასამართლოში გასაჩივრებისთვის კონკრეტული ვადები კანონით არ იყო გათვალისწინებული.


სომხეთში გენერალური შტაბის ხელმძღვანელისა და მისი შემადგენლობის უდიდესი ნაწილის დათხოვნა მოჰყვა 25 თებერვალს გენშტაბის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელშიც ოფიცრები ნიკოლ ფაშინიანს ადანაშაულებდნენ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ჩადენილ შეცდომებში და აცხადებდნენ, რომ იგი უნდა გადამდგარიყო.

ფაშინიანმა მომხდარს გადატრიალების მცდელობა უწოდა.

ერევანში ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის მომხრეებმა დამოუკიდებელი საპროტესტო აქციები გამართეს.

მოგვიანებით, პოლიტიკური კონსულტაციებისა და საპროტესტო აქციების ფონზე, ნიკოლ ფაშინიანმა ოპოზიციურ პარტიებთან მოლაპარაკებების შემდეგ, 18 მარტს განაცხადა, რომ სომხეთში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები 2021 წლის 20 ივნისს დაინიშნა.

ჯერჯერობით უცნობია, ოპოზიციური პარტიები ერთიანი სიით მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, თუ არა.

მასალების გადაბეჭდვის წესი