ახალი ამბები

მაჭავარიანის ქუჩაზე, ფერდზე, ახალი ბზარებია გაჩენილი — სეისმოლოგი

20 მარტი, 2021 •
მაჭავარიანის ქუჩაზე, ფერდზე, ახალი ბზარებია გაჩენილი — სეისმოლოგი

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელის, თეა გოდოლაძის ინფორმაციით, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე, მიწის დანაპრალება შეინიშნება. აღნიშნულის შესახებ მან ფეისბუქ ლაივში ჩართვისას განაცხადა.

“მაჭავარიანის ქუჩაზე, მადაგონის წინა მხარეს, ფერდზე ვართ ასული. ჩვენ დაგვიკავშირდნენ, რომ აქ არის გარკვეული დანაპრალება დაწყებული…

…ბზარები ჯერ ხავსმოკიდებული არ არის და ფაქტობრივად ამ ტერიტორიაზეც უკვე შეინიშნება დაბზარვა. ეს ახალი ბზარებია უკვე”, — თქვა მან.

თეა გოდოლაძე ფერდის გარშემო აშენებულ ახალ კორპუსებსა და ამ პროცესში დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. მისი თქმით, ბზარები არასწორი ჩარევების შედეგია და პროცესს მუდმივი მონიტორინგი სჭირდება, რათა ის უფრო მეტად არ გართულდეს.

“ნეტგაზეთი” საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერიას დაუკავშირდა. უწყებაში ამბობენ, რომ განმარტებას დღის განმავლობაში გააკეთებენ.


მიმდინარე კვირაში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა. ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.  თეა გოდოლაძე ამბობს, რომ ამ შემთხვევაში დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა.

თბილისის მერია ამ ტერიტორიაზე 2019 წლიდან ლისის ტბიდან გელოვანის გამზირზე ჩამოსასვლელ ახალ გზას აშენებს.

ამ მეწყერის შესახებ მერიამ იცის. უწყება ამბობს, რომ მიმდინარე მოვლენებს სწავლობს. მეწყრული არეალის გამო 16 მარტიდან მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აკრძალულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი